მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს 6.9 მლნ ლარად “დაგი” ააშენებს

6098e2debfcc2
ანუკა ჯოხაძე
10.05.21 11:42
2963
რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს კომპანია “დაგი” ააშენებს. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კონტრაქტორთან ხელშეკრულება 29 აპრილს გააფორმა. პროექტის ღირებულება 6 943 995 ლარია.

როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, კონტარაქტორი კომპანია ვალდებულია, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 18 თვის ვადაში განახორციელოს.

ცნობისთვის: რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს ტენდერი აქამდე 2-ჯერ გამოცხადდა და ორჯერვე ჩაიშალა.

აღსანიშნავია, რომ 6 943 995 ლარი საბაგიროს მშენებლობის ძირითადი ხარჯები არაა, რადგან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია, მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს დასასრულებლად კომპანია DOPPELMAYR-ს დამატებით 1.85 მილიონ ევროს ანუ 7.4 მილიონ ლარს გადაუხდის. ავსტრიულმა კომპანიამ ამ თანხით თბილისში საბაგიროს მოწყობისთვის სხვადასხვა სახის საინჟინრო სამუშაო უნდა შეასრულოს.

მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს განხორციელება თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა.

2012 წელს გაფორმებული კონტრაქტით, საბაგირო გზის ტექნოლოგიური ნაწილი უკვე წარმოებულია და მასში 4 მილიონი ევრო არის გადახდილი, თუმცა აღნიშნული მასალები საქართველოში საბაგიროს კონსტრუქციის დაუმთავრებლობის გამო არ გამოგზავნილა და ის შვეიცარიასა და ავსტრიაში კომპანია Doppelmayr-ის საწყობებში ინახება.

პროექტის გაჭიანურება რუსთაველის გამზირზე საბაგიროს ადგილმდებარეობის ცვლილებას უკავშირდება. თავდაპირველად საბაგიროს ქვედა სადგური სასტუმრო "რედისონთან“ უნდა აშენებულიყო. ტერიტორიის მიმდებარედ საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა, თუმცა 2016 წელს დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, "რედისონის" ნაცვლად, საბაგიროს ბოლო გაჩერებად "მეცნიერებათა აკადემიის" შენობა განისაზღვრა. დედაქალაქის მერიამ საბაგიროს სადგურის ასაშენებლად, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარედ არსებული 11 საცხოვრებელი ფართის ტერიტორია უკვე გამოისყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები