მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს დაახლოებით 390-400 ლარამდე"

5df8e1afe1242
BM.GE
17.12.19 20:30
1168

საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი - 195 ლარი უნდა გაიზარდოს დაახლოებით 390-400 ლარამდე, რაც იქნება შედარებით რეალური მაჩვენებელი, - ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საარსებო მინიმუმის 195 ლარამდე ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ იგი ასახავს იმ სამომხმარებლო ხარჯების რეალურ ერთობლიობას, რომელიც საჭიროა ერთი თვის მანძილზე შრომისუნარიანი მამაკაცის აუცილებელი ხარჯების დასაფარად. არჩვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ საარსებო მინიმუმი იზრდება, იგი რეალურად აღარ არის საკმარისი ადამიანის მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

„ამ მაჩვენებლის სისტემური ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავაცილეთ საარსებო მინიმუმისა დ სიღარიბის ზღვრის ეტიმოლოგიური შინაარსი. ჩვენ გვინდა რაღაც კოეფიციენტი, რომელიც გაზრდის საარსებო მინიმუმს და მიუახლოვებს სიღარიბის რეალურ ზღვარს. ფაქტობრივად, ახლანდელი საარსებო მინიმუმი სიღატაკის ზღვრის ქვედა, ძალიან დაბალი დონის მაჩვენებელია და არასწორ იმპულსებს უგზავნის ხელისუფლებას, მედიას, საზოგადოებას და ა.შ. ჩვენ ეს მაჩვენებელი კი არ უნდა უარვყოთ, არამედ მისი შინაარსი თანდათან უნდა დავუახლოვოთ სიღარიბის ზღვრის თვისობრივ შინაარს.

დღეს, საარსებო მინიმუმში 70% უკავია სურსათს და 30%-ს ყველა დანარჩენ ხარჯს. ეს არის ნონსენსი, როგორ შეიძლება 70% იყოს სურსათი, მაშინ როდესაც უკიდურესი ღარიბი მოსახლეობის სურსათის ხარჯები არ აღემატება 45-50%-ს. ეს ისტორიულად შემოგვრჩა 1990-იანი წლებიდან და დღემდე არ შეუცვლიათ. 4-5-ჯერ შეიცვალა კონსტიტუცია, საგადასახადო კოდექსი, აბსოლუტურად სხვა ფასეულობებზე ავიღეთ ორიენტაცია და ეს 70% 30%-ზე თანაფარდობა ისევ ძალაშია... უხერხულია... ახალ ვითარებაში ვცხოვრობთ, ეკონომიკური შესაძლებლობები საზოგადოებას გაეზარდა და ჩვენ კიდევ 1995 წლის თანაფარდობით ვსაზღვრავთ საარსებო მინიმუმს. 70% უნდა ჩამოვიყვანოთ სულ მცირე 50%-ზე“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

მან ასევე სურსათის კომპონენტში ცხოველური წარმომავლობის კალორიების რაოდენობის ზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„სურსათში დამახინჯებულია და დარღვეულია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების კომპოზიცია. ცხოველური წარმომავლობის კალორიების რაოდენობა არის ძალიან დაბალი და უნდა გაიზარდოს. ეს მოგვცემს იმას, რომ ერთი კალორიის ღირებულება 5-6-ჯერ და მეტჯერაც უფრო ძვირია, ვიდრე მცენარეული წარმომავლობის პროდუქციის კალორიების რაოდენობა. რომ ავიღოთ მაგალითად საქონლის ხორცი, დაახლოებით 15-ჯერ უფრო ძვირი ჯდება 1000 კილოკალორიის მიღება, ვიდრე პურიდან. ანუ შეგვიძლია პურზე გადავიყვანოთ და ღირებულება შევამციროთ, მაგრამ ეს იქნება დარღვევა. ამიტომ სასურსათო კალათის დაბალანსება უნდა მოხდეს, რაც გამოიწვევს ღირებულების გაზრდას. ამგვარად, ორნახტომიანი სვლა უნდა გავაკეთოთ: გავზარდოთ სასურსათო კალათაში ცხოველური წარმომავლობის პროდუქციის რაოდენობა, რათა აქედან მიღებული კალორიების რაოდენობა იყოს დაახლოებით 50-60% და მეორე - სურსათის გაძვირებულ კალათას დავუთმოთ არა 70%, არამედ 50%.

შედეგად ახლანდელი მაჩვენებელი - 195 ლარი, სულ მცირე უნდა გაორმაგდეს, დაახლოებით 390-400 ლარის ფარგლებში. ეს იქნება შედარებით რეალური მაჩვენებელი“, - განმარტა სოსო არჩვაძემ.

ამასთან, სტატისტიკოსის თქმით, „ექსპერტების, სპეციალისტების, ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით საჭიროა კონსენსუსი, რათა საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი რეალურად ასახავდეს მდგომარეობას და საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია ერთი მხრივ საარსებო მინიმუმის რეალურ მაჩვენებელზე და მეორე მხრივ, ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რეალურ რაოდენობაზე“.

აღსანიშნავია, რომ საქსტატმა 2019 წლის ნოემბრისთვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 7%-იანი ინფლაციის ფონზე, მინიმალური თანხა, რაც ერთი თვის განმავლობაში ადამიანის არსებობისთვის არის აუცილებელი რეკორდულ მაჩვენებლამდე - 195.6 ლარამდე გაიზარდა. ეს სტატისტიკა ქვეყანაში ინფლაციის ფონზე ცხოვრების ღირებულების გაძვირებაზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით ხდება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების მაჩვენებელია.