მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბჭოს სხდომა მთავარი სპიკერების განცხადებების გარეშე-ღიბრაძე დაპირისპირებას უარყოფს

61af1474cb3dc
ინგა მურუსიძე
07.12.21 11:55
1097
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, მაგრამ სხდომის შემდეგ მედიაოთახში მთავარი სპიკერები არ ჩამოვიდნენ.

საქმე ის არის, რომ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარებს, ტრადიციულად, NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე აკეთებდნენ, რომლებიც თან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას მიმოიხილავდნენ და მედიის კითხვებსაც პასუხობდნენ.

ბრიფინგების ოთახში დღეს არც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩამოვიდა.

bm.ge-ის ინფორმაციით, უწყებათშორისი საბჭოს ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლებმა სხდომა მის დამთავრებამდე დატოვეს. სავარაუდოდ, აზრთა სხვადასხვაობა უვადო "მწვანე პასპორტის" საკითხს შეეხებოდა, რომელსაც პრაქტიკულად, ყველა აკრიტიკებს, გარდა პრემიერისა.

ერთადერთი, ვინც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, უწყებათშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე იყო. აღსანიშნია, რომ ის მედიაოთახში, ძირითადად, მაშინ ჩადის ხოლმე, როდესაც მთავრობა კონკრეტულ გადაწყვეტილებას იღებს - ამკაცრებს ან არბილებს რეგულაციას, რასაც დღეს ადგილი არ ჰქონია.

შესაბამისად, ჟურნალისტებმა გიორგი ღიბრაძეს ჰკითხეს, რატომ არ ჩამოვიდნენ მთავარი სპიკერები საბჭოს სხდომის შემდეგ და რა იყო ის საკითხი თუ საკითხები, რასაც საბჭოზე დაპირისპირება მოჰყვა.

„რატომ არ ჩამოვიდნენ, ამაზე მე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ხოლო საბჭოზე რაც მოხდა, მოგახსენეთ... არანარი დაპირისპირება არ ყოფილა, იყო მსჯელობა და განხილვა საკითხების, როგორც ხდება ხოლმე“, - უპასუხა ჟურნალისტებს გიორგი ღიბრაძემ.