06.დეკემბერი .2020 14:34

საჩხერის კლინიკას ავტორიტეტულმა BSI-მ ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიანიჭა (R)

საჩხერის კლინიკას ავტორიტეტულმა BSI-მ ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიანიჭა (R)
views 626
უკან

საჩხერის სამედიცინო ცენტრმა მენეჯმენტისა და პაციენტებისადმი მიდგომის თანამედროვე სტანდარტების წარმატებით დანერგვის შედეგად British Standard Institute–სგან ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო.


ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა და აღნიშნა: „სიამაყით გაცნობებთ, რომ საჩხერის საავადმყოფომ წარმატებით დაასრულა მართვის, თანამედროვე ტექნოლოგიების და მენეჯმენტში ახალი მიდგომების დანერგვის ხანგრძლივი პროექტი. ჩვენი კლინიკის თანამშრომლების გუნდი მიმდინარე პროცესებს სწავლობდა, შეიმუშავებდა ცვლილებებს, რაშიც წამყვან ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტში ახალ მიდგომებს იყენებდა“.

მართვის რეფორმა

ISO 9001:2015 სტანდარტის ერთ–ერთი საკვანძო პრინციპია მომხმარებელზე, ამ შემთხვევაზე პაციენტზე ორიენტირება. ამდენად, პროცესში დეტალურად გაანალიზდა კლინიკის მომხმარებლზე ორიენტირებულობის ხარისხი. „ისეთ კონსერვატიულ გარემოში, როგორიცაა სამედიცინო სფერო, ჩვენ მივაღწიეთ და შევძელით პაციენტების მართვის, მათი ინფორმირების, მოსალოდნელი შედეგებისთვის ავადმყოფების მორალური შემზადების შეცვლა“, – აღნიშნავს მიხეილ ქამუშაძე.
რეფორმების ორწლიან პერიოდში საჩხერის სამედიცინო ცენტრში მთლიანად შეიცვალა პაციენტების მოვლისადმი მიდგომები: მათთვის სრულფასოვანი პანსიონი შეიქმნა, რითაც სრულიად გათავისუფლდნენ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ავადმყოფის მოვლის თანმხლები პრობლემებისგან. ასევე, ცვლილებები პაციენტების კვების რაციონშიც შედის და ამის მიზანია, კვება უფრო მოქნილი და პერსონიფიცირებული იყოს, ანუ, ინდივიდუალურად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი.

კლინიკური ნაწილის რეფორმა

მკურნალობის თანამედროვე პრაქტიკების დანერგვის მიზნით კლინიკაში ახალი განყოფილებები გაიხსნა, შეიძინეს თანამედროვე მოწყობილობები. ახალი მიდგომების წარმატებით დანერგვის მიზნით, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან გამოცდილი სპეციალისტები მიიწვიეს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი მაია ხელაძე მოგვითხრობს, რომ გააქტიურდა თანამშრომლობა როგორც ქართულ, ისე უცხოურ კლინიკებთან, სადაც საჩხერელი ექიმები გამოცდილების გასაზიარებლად მიევლინებიან.

„ჩვენ ახალ ტექნოლოგიებს ვგეგმავთ, ასევე მოვაწესრიგეთ პაციენტების მართვის ავტომატიზებული ბაზა. ახალი ციფრული სისტემა ავადმყოფობის ისტორიის ელექტრონულად მართვის შესაძლებლობას გვაძლევს, რომელშიც მთელი მკურნალობის პერიოდში მიღებული ინფორმაცია ინახება და მარტივად ხელმისაწვდომია ექისმებისთვის“, – ამბობს მაია ხელაძე.

ISO 9001 სერტიფიკატის სტანდარტის შესაბამისად, კლინიკის ყოველდღიურ მუშაობაში დაინერგა სხვადასხვა გამოკითხვები, კვლევები, შეფასებები და ა.შ.

„ყველა განყოფილებაში გვაქვს კითხვარის ფურცლები, რომლებსაც პაციენტები მკურნალობის დასრულების შემდეგ ავსებენ. მსგავსი გამოკითხვები ტარდება თანამშრომელთა შორისაც, რითაც ვადგენთ, რამდენად კარგი სამუშაო გარემოა მათთვის შექმნილი. კითხვარებს ყოველკვარტალურად ვაანალიზებთ და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პროცედურებსა და პროცესებში შეგვაქვს საჭირო ცვლილებები“, – მოგვითხრობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი.

შესყიდვების რეფორმა

საჩხერის კლინიკამ მთლიანად შეცვალა შესყიდვებისადმი მიდგომა, პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა და, რაც მთავარია, მიმწოდებელი კომპანიების შეფასების სისტემა დაინერგა. დღეს უკვე კლინიკა კარგად გადამოწმებულ, საიმედო მიმწოდებლებთან თანამშრომლობს. ეს კი საავადმყოფოს ხარისხიანი საქონლის მისაღებ ფასად შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

ISO 9001 და კლინიკის შემდგომი განვითარების პერსპექტივები

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ახლად შექმნილი განყოფილებები ეფუძნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს, ისე სამედიცინო ბაზარზე არსებულ ახალ ტრენდებს.

„მსოფლიო ბაზარზე ჩვენი იმიჯის ფორმირების მიზნით გადავწყვიტეთ კლინიკის სისტემის სერტიფიცირება. ამ პროცესში მოვიწვიეთ მსოფლიოში ერთ–ერთი ცნობილი სასერტიფიკატო ორგანო – British Standard Institute (BSI). ამ ორგანიზაციას ასზე მეტი წლის გამოცდილება აქვს და ახალი სტანდარტების ძირითადი მომწოდებელია. ISO 9001 ამ ორგანიზაციის თანამშრომლებმა შექმნეს და მუდმივად აუმჯობესებენ სტანდარტებს. მსოფლიოში ასეთი ცნობილი ორგანიზაციის სერტიფიკატი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს გვიხსნის“, – აცხადებს მიხეილ ქამუშაძე.

მისივე თქმით, სამომავლოდ კლინიკა აქტიურად განავითარებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სამედიცინო ტურიზმი, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ქართულ და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებთან, საქართველოს ტერიტორიაზე ოპერირებადი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მომსახურება და სხვ.

„ჩვენი მიზანია ისეთი მიმართულების განვითარებაც, როგორიცაა ტელემედიცინა. ამისათვის კი საჭიროა სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელ ლიდერ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება“, – ამბობს სამედიცინო ცენტრის დირექტორი.

ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიცირებული სისტემა საჩხერის სამედიცინო ცენტრს წარმოაჩენს, როგორც სანდო, გამჭვირვალე და საიმედო კლინიკას, რომელსაც სერიოზული სამომავლო გეგმები აქვს.

კლინიკის მენეჯმენტმა საჩივრებისა და წინადადებებისთვის უკუკავშირის არხებიც შექმნა – ტელეფონით, სოციალური ქსელით, ელექტრონული ფოსტით, ვებგვერდით და ა.შ. კლინიკაში ცდილობენ, მაქსიმალურად სწრაფად გასცენ ამომწურავი პასუხი ნებისმიერ შესულ წინადადებას.

„სერტიფიცირება კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენი მიმხმარებლებისადმი, ვინაიდან BSI–ს ექსპერტები ჩვენი ქმედებების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და რაიმე შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენთან ერთად განიხილავენ მათი აღმოფხვრის შესაძლებლობებსა და გზებს. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ამ წამოწყების მთელ პასუხისმგებლობას და ყველა ძალით შევინარჩუნებთ ISO 9001–ის მოთხოვნებისადმი შესაბამისობას, ჩვენ პაციენტებისა და პარტნიორების მოლოდინებს აუცილებლად გადავაჭარბებთ“, – აცხადებს მიხეილ ქამუშაძე.

მოკლედ საჩხერის სამედიცინო ცენტრის შესახებ

საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება წარმოადგენს მულტიპროფილურ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებას, რომელიც პაციენტებს სრულყოფილ სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

2004 წლიდან კლინიკას რეანიმაციული განყოფილება დაემატა; 2014 წლიდან – კარდიოლოგიური განყოფილება; 2017 წელს – ოფთალმოლოგიური, ნევროლოგიური და პლასტიკური ქირურგიის განყოფილებები; 2018 წლიდან – ჰემოდიალიზის განყოფილება; 2019 წლიდან დაემატა კარდიოქირურგიის განყოფილება.

ორ კვირაშია დაგეგმილი დამატებით ახალი ინფექციური განყოფილების და აგრეთვე სისხლის ბანკის გახსნა.

საჩხერის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო გუნდში 479 მაღალკვალიფიციური თანამშრომელია, აქედან – 107 ექიმი, დანარჩენი – მედდა და დამხმარე პერსონალი.

საავადმყოფოს ძირითადი კორპუსი 1964 წელს აშენდა. ამჟამად საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება განთავსებულია 6 კორპუსში, რომლებიც, დაახლოებით, 5 ჰექტარზეა გაშლილი. კლინიკას ასევე აქვს სასტუმრო კომპლექსი, რომელშიც ერდროულად 150 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა