მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო კოდექსში 6 ცვლილება შედის - რა სიახლეებია ბიზნესისთვის?

5fe9eb58552e5
ინგა მურუსიძე
28.12.20 18:27
6735
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ლილუაშვილმა დღეს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტი გააჟღერა. როგორც ლილუაშვილმა თქვა, ცვლილებების ფარგლებში გათვალისწინებულია დამსაქმებლისთვის საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვანი შემსუბუქება, გადასახადების სუბსიდირების, საბაჟო და საგადასახადო პროცედურების გამარტივების გზით. მისივე განცხადებით, ამ ცვლილებების უმთავრესი ამოცანაა, რომ შეამსუბუქოს კრიზისის ზეწოლა დამსაქმებლის ფინანსურ მდგომარეობაზე, შედეგად კი დამსაქმებელმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად:

1. ექვსი თვით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან - 6 თვის განმავლობაში, გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. კერძოდ, დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. შედეგად: საგადასახადო შეღავათი შეეხება 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს. ბიუჯეტი - 270 მილიონი ლარი;

2. 2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს კომპანიებს თავიდან აირიდონ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნა, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მათ ფინანსურ მდგომარეობას;

3. 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეწევიან ტურისტულ საქმიანობას (სეკ 006-2016 - ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა) შედეგად: საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-ზე მეტ კომპანიას, სადაც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი პირი. ბიუჯეტი: 45 მილიონი ლარი;

4. ამავე (ტურისტული) საქმიანობის განმახორციელებული პირებს ეძლევათ უფლება ბიუჯეტში არ გადაიხადონ გადავადებული საშემოსავლო გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. შედეგად შეღავათი შეეხება 1000-მდე კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 ათასამდე პირი. ბიუჯეტი: 20 მილიონი ლარი;

5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე, გადაუვადდეთ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე. გადასახადის გადავადება დადგენილ საგადასახადო შეღავათთან ერთად აღნიშნულ პერიოდში დაეხმარება კომპანიებს შეინარჩუნონ თანამშრომლები. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას და გადავადებული გადასახადის ოდენობა შეადგენს 0,5 მილიონ ლარს.

6. პანდემიის საფრთხეების გათვალისწინებით, ხდება საგადასახადო დავების პროცედურის გამარტივება/დიგიტალიზაცია. კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება, რომ გადასახადის გადამხდელებმა დისტანციურად, დავის განმხილველ ორგანოში მისვლის გარეშე მიიღონ მონაწილეობა საჩივრის განხილვის პროცესში.

7. ასევე პროექტის მიღების შედეგად 2023 წლამდე იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის (საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის) გაანგარიშება განხორციელდება მასში დამატებით კომპონენტების (იმპორტთან დაკავშირებული საფასურები, თანმდევი ხარჯები და სხვა) შეტანის გარეშე. აღნიშნული მიზნად ისახავს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, კერძოდ, ხსენებული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს შესაბამის ტექნიკურ/პროგრამულ აღჭურვილობას, მისი აღსრულება 2021 წლის 1 იანვრიდან ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პირობებში თითქმის შეუძლებელია, ხოლო ამ დროის განმავლობაში კი შესაძლებელი იქნება შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორცილებისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ ადეკვატური მექანიზმების დანერგვის უზრუნველყოფა.

"გლობალური პანდემიის პირობებში ქვეყნის ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, კრიზისის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებული ზეგავლენის მინიმიზაცია და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა წარმოადგენს. ამ პროცესში ჩვენი უმთავრესი ამოცანა ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებისა და მათი სოციალური მდგომარეობის შენარჩუნება და მხარდაჭერაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეტაპობრივად ვახორციელებთ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს როგორც მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას, ასევე ითვალისწინებს ბიზნესის მხარდაჭერის მასშტაბური ღონისძიებებს. ამ მიზნით საქართველოს ბიუჯეტიდან უკვე დაფინანსდა 2.8 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის ღონისძიებები", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის დეპუტატები არიან და ისინი მის დაჩქარებულად განხილვას ითხოვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი მიმდინარე კვირაში, რიგგარეშე სესიაზე უნდა მიიღონ, რაზეც ინიციატორებმა ბიუროსგან თანხმობა მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები