25.ივლისი .2020 13:16

საგარეჯოს წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობა იწყება - პროექტი 3 მილიონამდე ჯდება

views 432
უკან

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულების ეტაპზეა. გამარჯვებული კომპანია უახლოეს პერიოდში გამოვლინდება და სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ქალაქში მცხოვრებ 11 000-მდე ადამიანს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 2,939,902 ლარია.
ახალი პროექტით გათვალისწინებულია ძველი მილების ახლით ჩანაცვლება, ახალი სატუმბო სადგურის მოწყობა, საქლორატორო შენობის რეაბილიტაცია და გამრიცხველიანება.

საგარეჯოში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოებიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ამჟამად, ქსელის ტესტირება მიმდინარეობს.

ცნობისთვის: საგარეჯოში არსებული ქსელი ამორტიზებულია და წყლის წნევის რეგულირება ვერ ხერხდება. ასევე, დიდია დანაკარგები, რის გამოც, განსაკუთრებით წყალმცირობის დროს, ქალაქი სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის და მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

უკვე შესრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ, საგარეჯოს გამგებელმა გიორგი ერბოწონაშვილმა და დარგის სპეციალისტებმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა