13.ნოემბერი .2019 21:18

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ავლაბრის რეზიდენციის შენახვა 1 მლნ-მდე დაჯდა

views 1103
უკან

2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, ავლაბრის რეზიდენციის მოვლა და კომუნალურები 638 050.55 ლარი დაჯდა. ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან bm.ge-ის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც დაცვის სპეციალური სამსახურის მონაცემებით ირკვევა, ავლაბრის რეზიდენციის კომუნალურები (წყალი, გაზი, ელექტროენერგია) და შენობის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა, ამასთან გენერატორისთვის საჭირო დიზელი სახელმწიფოს 10 თვის მანძილზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

გარდა ამისა, რეზიდენციის დაცვის სამსახურის თანამშომლებისთვის გაცემული ხელფასის ოდენობამ 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში - 281 739.52 ლარი, დანამატის ოდენობამ კი 25 705 ლარი შეადგინა; ხოლო უნიფორმა 9 704,66 ლარი დაჯდა. ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ავლაბრის რეზიდენცია, რომელიც მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციას ატარებს, სახელმწიფოს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 955 199,73 ლარი დაუჯდა, მაშინ როდესაც თავად პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში მუშაობს.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად 2018 წლის 16 დეკემბერს დაიკავა. თუმცა, ის პირველივე დღიდან ათონელის რეზიდენციაში მუშაობს.

ავლაბრის რეზიდენცია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დროს აშენდა, სწორედ სააკაშვილი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც აღნიშნულ რეზიდენციაში მუშაობდა. ავლაბრის რეზიდენციას სამუშაოდ იყენებდა წინა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. თუმცა, ცხოვრებით დუშეთში მდებარე საკუთარ სახლში ცხოვრობდა. რა ბედი ელის ავლაბრის რეზიდენციას, ჯერ უცნობია. საუბარი მისი დანიშნულების შეცვლაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა