სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამოვარდება. ხელისუფლება სელექციური კონტრაქტების გაფორმებას იწყებს და სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა ყველა საავადმყოფოს აღარ შეეძლება. აღნიშნულ ცვლილებებს საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ფაზა ითვალისწინებს, რომლის განხორციელებასაც მთავრობა იწყებს.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი საავადმყოფოები დარჩებიან საყოველაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"თუკი აქამდე ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც დააკმაყოფილებდა სანებართვო პირობებს, შეეძლო მონაწილეობა მიეღო საყოველთაო ჯანდაცვაში, ბოლო გარდამავალი ორი წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აღმოჩნდნენ ისეთი კლინიკები, რომლებიც აწვდიან წყვეტილ, ფრაგმენტირებულ სამედიცინო დახმარებას. მაგალითისთვის, შეიქმნა სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს მხოლოდ რეანიმაციის განყოფილება. შეიქმნა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც პოლიკლინიკასთან არის მიბმული, ასოცირებული, როგორც გადაუდებელი დახმარების განყოფილება. ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებები საფრთხეს უქმნიან პაციენტის სამედიცინო დახმარებას. ასეთ შემთხვევაში პაციენტი ვერ მიიღებს სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას ასეთი წყვეტილი, ფრაგმენტირებული აქტივობების განხორციელებით.
ამიტომ სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც მთელს მსოფლიოში მიღებულია, როგორც ხარისხის გასაზრდელად ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი და, შესაბამისად, როგორც შედეგი, დანახარჯების შესამცირებლად, იქნება ამოქმედებული. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება მოულოდნელობა ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებებისთვის. ჩვენ თვეების განმავლობაში გვქონდა მათთან კომუნიკაცია. ვეცადეთ გამოგვეყენებინა ინსტრუმენტი სანებართვო პირობების სახით, თუმცა ნაწილი მათგანი თანამშრომლობას დათანხმდა, გაიაზრა, რომ ისინი არასწორი გზით მიდიოდნენ, ნაწილი აგრძელებს ამას. შესაბამისად, სელექტიური კონტრაქტირების პირველი ეშელონი სამედიცინო დაწესებულებებს და, საბედნიეროდ, ასეთი ერთეულებია, ჩამოაშორებს საყოველთაო ჯანდაცვას", - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ითანამშრომლებს ისეთ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მიაწვდიან მაქსიმალურად ხარისხიან და უფასო სამედიცინო მომსახურებას.
„სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მკაფიოდ იაზრებენ და ითავისებენ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, კერძოდ, სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას რიგი მიმართულებებით, როგორციაა მაგალითად, ინფექციებზე კონტროლი, როგორიცაა ის, რომ როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენტური გუნდი მათ აძლევს რეკომენდაციებს ამა თუ იმ მიმართულებით, რომ დროულად შეასრულონ რეკომენდაციები და როდესაც არის მაგალითად სეზონურად გაზრდილი ავადობა, ჩვენ არ გვქონდეს, პირდაპირი მნიშვნელობით, სახვეწარი თითოეულ სამედიცინო დაწესებულებასთან, რომ ასეთ პაციენტებს აღმოუჩინონ დახმარება. აქამდე, საბედნიეროდ ცოტა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებები აქეთ ახორციელებდნენ სელექტირებას პაციენტებისადმი. ჩვენ ვითანამშრომლებთ ისეთ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მიაწვდიან მაქსიმალურად ხარისხიან და უფასო სამედიცინო მომსახურებას. მოკლე აღწერით, პირველი ტალღა ხარისხისკენ გადადგმული ნაბიჯებისა, სწორედ ამაში გამოიხატება”, - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის განცხადებით, მისთვის გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ სახელმწიფო თანხებს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ხარჯავს და არა სამედიცინო დაწესებულებების მეპატრონეების შემოსავლებისთვის.
"ჩვენ არ მიგვიღია არცერთი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, სადაც არ იყვნენ ჩართულები ამ დარგის უმაღლესი რანგის სპეციალისტები. იგივე ხდება ახლაც მთელი ეს პროცესი დაგეგმილი გვაქვს დარგის სპეციალისტებთან ერთად.
რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს გამომდინარე ნიუტონის მესამე კანონიდან, რომ ნებისმიერი ქმედება იწვევს უკუქმედებას, რა თქმა უნდა კლინიკები, რომლებმაც არ მოინდომეს გადაწყობა, მათი მ ხრიდან იქნება უკმაყოფილება, მაგრამ სახელმწიფო იხდის ჯანდაცვის ბიუჯეტს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და არა კლინიკების მეპატრონეების კეთლდღეობისათვის. წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა დავძიოთ წინააღმდეგობები, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ უკეთესად",- განაცხადა სერგეენკომ.

























