მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრომ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა "ჩაუკეტა" - რა ხდება?

617d52232a490
ელენე გოგბერაშვილი
31.10.21 00:00
12189
Bm.ge-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სტაციონალური სამედიცინო დაწესებულებების ჩართვა შეზღუდა. კერძო სექტორი გვიყვება, რომ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება ასევე ეხება იმ კლინიკებსაც, რომლებიც უკვე წლებია სახელმწიფო პროგრამას ემსახურებიან, თუმცა ახალი სამედიცინო სერვისების უფლება აღარ აქვთ. 

როგორც კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, სამინისტრომ ახალი სამედიცინო მომსახურების ატვირთვისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტალი „ჩაკეტა“ ისე, რომ შესაბამისი ბრძანება ან დადგენილება სამინისტროს არ გამოუქვეყნებია.

ირკვევა, რომ ოფიციალური გაფრთხილება არ მიუღიათ არც იმ კლინიკებს, რომლებიც წლებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროვაიდერები არიან. მათ სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ გაიგეს მაშინ, რაც ახალი სერვისების ატვირთვა პორტალის „ჩაკეტვის“ გამო ვერ შეძლეს.

სამედიცინო დაწესებულებებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების ან სერვისების ჩართვის შეზღუდვა აღიქმება ისე, თითქოს ამით სამინისტრო ჭარბი საწოლფონდის კიდევ ზრდას ანუ ბაზარზე ახალი კლინიკების გაჩენას აზღვევს და ასევე უფრთხილდება პროგრამის ბიუჯეტსაც.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე სამინისტროს ეთანხმება იმაში, რომ ბაზარზე ჭარბი საწოლფონდია, თუმცა ის გადაწყვეტილება, რაც ეკატერინე ტიკარაძის უწყებამ მიიღო, მისი თქმით, სრულ გაუგებრობას წარმოშობს.

„დღეს საქართველოში არის ჭარბი საწოლფონდი, ამას აღიარებს სამინისტრო და ვეთანხმებით ჩვენც. ეს რაღაცნაირად ან ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ან ისე დარეგულირდეს, რადგან არაეფექტიანობას იწვევს; რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არსებობს, მეორე წლიდან, რომ უნდა მოხდეს სელექტიური კონტრაქტირება ანუ კონტრაქტები გაფორმდეს მხოლოდ ისეთ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რასაც ჩვენც მივესალმებით და სწორია, თუმცა ამაზე რამდენიმე წელია მიდის საუბარი, მაგრამ, ფაქტობრივად, ძვრა არ გვაქვს.

ამ დროს რა ხდება?! - ეს რომ რაღაცნაირად შეაკავოს ჯანდაცვის სამინისტრომ, მოიფიქრა შეზღუდოს ახალი სამედიცინო მომსახურების დამატება, დაკონტრაქტება ახალ პროვაიდერებთან და ჩაკეტონ ახალი სერვისების დამატება. ეს წარმოშობს სრულ გაუგებრობას ბაზარზე და მეორე, რაც მთავარია, განვითარებას აფერხებს. წარმოიდგინეთ, ჩვენ გვინდა ახალი სერვისის დანერგვა, რომელიც საქართველოში არ არის, ამას ფიზიკურად ვერ ვაკეთებთ, რადგან ვერ ვხსნით კონტრაქტს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან, რომელიც დღეს ჰოსპიტლების ძირითადი დამფინანსებელია. 10 წლის წინ ეს რომ ვინმეს გაეკეთებინა და ჩაეკეტა, ნახევარზე მეტი სამედიცინო სერვისები საქართველოში არ იარსებებდა. ნამდვილად არ მივესალმებით ასეთ მიდგომას, მივესალმებით ღიად საუბარს და ღიად დარეგულირებას ამ საკითხის, ღია შეთანხმებას ვიდრე ირიბი მეთოდებით დარეგულირებაა“, - აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.

bm.ge-ის კითხვას - სხვა რა მექანიზმი შეიძლება გამოიყენოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ბაზარზე ჭარბი კლინიკების და შესაბამისად, საწოლფოდის გაჩენა შეზღუდოს, გამყრელიძე ასე პასუხობს.

„ყველაფერი არის მარეგულირებლის ხელში - ერთი გზა არის ლიცენზირება და ლიცენზირების შესაბამისად გამკაცრება და მეორე არის ძირითადი დამფინანსებლის მხრიდან ამა თუ იმ დაწესებულებასთან კონტრაქტის გაფორმება. ყველა ეს ბერკეტი არის ჯანდაცვის სამინისტროს ხელში, რომელიც თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს, ოღონდ დეკლარირებულად და არა ასე, როგორც დღეს იყენებენ“, - თქვა მან.

თემაზე მუშაობისას bm.ge-მ გაარკვია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე ახალი სერვისების რეგისტრაცია ჩაკეტილი ჯერ კიდევ გასული წლიდან აქვს.

ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი მაია მახარაშვილი bm.ge-სთან განმარტავს, რომ მათთვის სამინისტროს არ უთქვამს რა პერიოდით შეუზღუდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის ახალი სამედიცინო სერვისების მიწოდება.

კლინიკების მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ე.წ. „ჩაკეტვასთან’ დაკავშირებით ჩვენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან გადავამოწმეთ. თამარ გაბუნიამ გვიპასუხა, რომ „პორტალზე ახალი სერვისის რეგისტრაცია კომისიური გადაწყვეტილებით ხდება“. რაც შეეხება პროგრამაში ახალი კლინიკების მონაწილეობას, როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ასევე ეს კომისია იღებს.

„სპეციალური კომისიაა შექმნილი, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში ახალი კლინიკის ჩართვის აუცილებლობას გეოგრაფული ხელმისაწვდომობის და სხვა საჭიროებების საფუძველზე განიხილავს“, - აცხადებს bm.ge-სთან თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილის ამ განცხადებაზე საპასუხოდ კი, ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომისიური მეთოდით რეგისტრაციას აქამდე სისტემური ხასიათი არ ჰქონდა, შესაბამისად, თამარ გაბუნიას ეს განმარტება მათთვის სიახლე იყო.

„მას შემდეგ, რაც კლინიკა საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიას მიიღებს, შემდეგი ეტაპია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის მიზნით, სახელმწიფო პორტალზე იმ სამედიცინო სერვისების ფასების ატვირთვა, რომელთა გაწევასაც აპირებს. ეს არის შეთანხმების საფუძველი სახელმწიფოსა და კლინიკას შორის, რომ კოკრეტულ X ფასად კონკრეტულ ნოზოლოგიას უმკურნალებენ. ეს ნაწილი ჩაკეტილია. ეს მოხდა covid-ეპიდემიის დაწყებამდე. ალბათ მოტივი ერთ-ერთი ისაა, რომ არ მოხდეს ჭარბი საწოლების დამატება და ამით თითქოს ეს რეგულირდება, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება. ეს ძველი კლინიკებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ექიმები კვალიფიკაციას იმაღლებენ, ახალი ტექნოლოგია შემოდის, ახალი მეთოდი შემოდის ამა თუ იმ ოპერაციული ჩარევის და ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან ხელოვნურად შეფერხებული გვაქვს კოდების ატვირთვა და მოტივი თითქოს ის არის, რომ სპონტანური განზავება არ მოხდეს სერვისების, თუმცა ეს ვერ დაარეგულირებს საწოლფონდს. ეს აფერხებს ექიმის კვალიფიკაციას, რომელიც ვერ აკეთებს ამა თუ იმ პროცედურას, რადგან ვერ ახდენს კოდის ატვირთვას სისტემაში“, - აცხადებს მაია მახარაშვილი.

Bm.ge-ს კითხვას - რა ფორმით შეატყობინა სამინისტრომ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების/სერვისების ჩართვისთვის საჭირო პროცედურების ცვლილების თაობაზე, კლინიკის ხელმძღვანელი ასე პასუხობს:

“არაფერი, უბრალოდ „დაკეტეს“ პორტალი. თვეში ერთხელ ამ საკითხზე ვწერდით სამინისტროს, საიდანაც გვპასუხობდნენ, რომ მომავალ თვეში გახსნიდნენ და ა.შ. არაერთ შეხვედრაზე დავაყენეთ ეს საკითხი, რომ ეს აფერხებს კლინიკის მუშაობას, ზღუდავს ექიმის კომპეტენციას ხელოვნურად, რადგან მას შესწევს უნარი ჩაატაროს პროცედურა და ვერ ატარებს. ეს გადაწყვეტილება აღიქმება ისე, თითქოს ხდება ბიუჯეტის დაზოგვა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. თუკი აპენდექტომია პირობითად ქვეყანაში საშუალოდ 1000 კეთდება და ეს უჯდება სახელმწიფოს 60 000 ლარი, კლინიკები თუ ატვირთავენ პორტალზე აპენდექტომიას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აპენდექტომიების რაოდენობა გაიზრდება, ისევ ის 60 000 გადანაწილდება 5 კლინიკაზე კი არა, 10-ზე“, - აცხადებს მაია მახარაშვილი.

ის, რომ სახელმწიფო პროგრამაში ახალი კლინიკების/სერვისების ჩართვის შესახებ სპეციალური კომისია გეოგრაფული ხელმისაწვდომობის და სხვა საჭიროებების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მსგავსი მიდგომა შეეხება ახლადგახსნილ „ქართულ ამერიკულ ჰოსპიტალს“.

ჩვენი ინფორმაციით, სამინისტროს მისი როგორც სტაციონალური კლინიკის რეგისტრაციაზე ჯერ თანხმობა არ გაუცია.
„ამ შემთხვევაში უკვე ინვესტიცია გაწეულია, წლების შრომაა შიგნით ჩადებული და დღეს ხელოვნურად შეუქმნა პრობლემა და არ მისცე ოპერირების უფლება, არაფერში ჯდება, ეს არასწორია, თუმცა მომავალში დაიგეგმოს მსგავსი რამ, ამის პრაქტიკა არსებობს. არის არაერთი მექანიზმი, რომ ქვეყანაში სწორად დაიგეგმოს საწოლფონდი და ბევრად უფრო ეფექტიანი იყოს სისტემა, რომელიც ბიუჯეტისთვისაც უკეთესია და კერძო სექტორისთვისაც.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ სანებართვო პირობას, რომ პირობითად გახსნათ ლაბორატორია, დღეს არანაირი სხვა მექანიზმი არ არსებობს, რომ აგიკრძალონ ამის გახსნა, რადგან აკმაყოფილებთ პირობებს. თუ არ აკმაყოფილებთ, სხვა საკითხია და თუ ამ კანონის დანერგვაზე ვლაპარაკობთ, გასულ წლებზე მოქმედების უნარი ვერ ექნება“, - აცხადებს მაია მახარაშვილი.

იქცევა თუ არა ე.წ დროებითი მექანიზმი კანონად, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მოიფიქრა, ჩვენთვის უცნობია. ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების ჩართვა „ჩაიკეტა“ პირველად ამის შესახებ bm.ge-მ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისგან გაიგო. ლადო კახაძემ გვითხრა, რომ ინიციატივა თავად ჯანდაცვის მინისტრისგან წამოვიდა და ახლო მომავალში პარლამენტი შესაბამის ინიციატივებს უკვე საკანონმდებლო დონეზე სწორედ ეკატერინე ტიკარაძის უწყებისგან ელის.