მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონი უკვე პარლამენტშია - რა ინიციატივები აქვს კალაძის მთავრობას?

60421f3ee7a75
ინგა მურუსიძე
05.03.21 23:40
5287
თბილისის მერიამ "სამშენებლო ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა და ის უკვე პარლამენტშია. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, კანონპროექტი მშენებლობების კუთხით სამ კონკრეტულ მიმართულებას მოიცავს:

1. სამშენებლო ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.
2. მშენებლობებზე, სამუშაოების დარღვევებით წარმოებასა და ამ დარღვევების განმეორებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
3. ჯერ კიდევ ექსპლოატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობის ელექტრონერეგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება აიკრძალება.

კალაძის ინიციატივა უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მის განსახორციელებლად 7 კანონში უნდა შევიდეს ცვლილება.

ესენია:


1. კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“:

კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც კრძალავს ობიექტის ფუნქციონირებას, სანამ არ მოხდება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცემა. ანუ ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი იქნება ამ ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულებით. გარდა ამისა, ლიცენზიატებს ეკრძალებათ, რომ მოამარაგონ ობიექტები ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მანამ, სანამ არ მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება. თუმცა, დასაშვები იქნება რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი მიწოდებული იქნას მხოლოდ სამშენებლო საქმიანობის მიზნებისათვის.

ამავე კანონში შედის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს დროებითი ნორმის დაწესებას იმ შენობებზე, რომლებიც სანებართვო პირობების დარღვევით აშენდა და ექსპლუატაციაში მიღებული არ არის და განმარტებულია პირობები, თუ რა შემთხვევაში მიიღებიან ისინი ექსპლუატაციაში. დაინტერესებულ პირებს ექნებათ უფლება შენობების ექსპლუატაციაში მიღებისთვის, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიმართოს ამ რეგულაციის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.

2. კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“:

შენობის ექსპლუატაციაში მისაღებად დაინტერესებულ პირებს 2-წლიანი პერიოდი ექნებათ, რომ საზედამხედველო ორგანოში ნებართვის მისაღებად განაცხადი წარადგინონ, ხოლო საზედამხედველო ორგანომ მათ განაცხადის შეტანიდან 6 თვის ვადაში უნდა უპასუხოს. თუ ამ ვადაში პასუხი არ გაიცა, ესე იგი დაინტერესებული პირი უარს იღებს. კანონპროექტით, გარკვეული სახის დარღვევები, რომლებზეც დარიცხულია ჯარიმა, საურავისგან გათავისუფლდებიან.

3. კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“:

კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პირები თავისუფლდებიან სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან, გარკვეული დათქმებით.

4. კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“:

კოდექსს ემატება მუხლი, (მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა), რომლის მიხედვითაც მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა მას შემდეგ, რაც მის მიმართ, აღნიშნული დარღვევისათვის უკვე გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სახდელი. ამ ქმედებისათვის გათვალისწინებულია სასჯელის სახე და ზომა და პირი ქმედების ჩადენის შემთხვევაში დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

5. კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, თუმცა ობიექტი მიიღება ექსპლოატაციაში.


6. კანონი „ამნისტიის შესახებ“

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები თავისუფლდებიან, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ხებუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა). თუმცა აღნიშნული ნორმის მოქმედება მხოლოდ იმ პირებზე ვრცელდება, რომლებმაც შესაბამისი დანაშაული ჩაიდინეს 2020 წლის 18 აგვისტომდე. სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ


7. კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“:

პირობების (მათ შორის ფინანსური და საინვესტიციო პირობების) შეცვლა და პირგასამტეხლოების პატიება უპირობოდ არ მოხდება, ამაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური.