მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხსნის „ქართული ოცნება“ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების გადაწყვეტილებას? - კობახიძის განცხადება

621f9bb7a8162
თამთა ჯიჯავაძე
02.03.22 20:30
759
„თუ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევის მიზეზი სანქციების არდაწესება იყო, შეგახსენებთ, რომ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის მოლდოვამ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და სხვ. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებას ელჩი არცერთი ამ ქვეყნიდან არ გაუწვევია“, - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არ დააწესებს სანქციებს, „რომლებიც რუსეთს ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის“.

„საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, ასევე არ დააწესებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი საქართველოსთვის.

„ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის ჭირდება. სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა“, - დასძინა მან.