27.ივნისი .2022 12:08

სანქცირებული ნავთობით დატვირთულ ბათუმის პორტში შესულ გემს საბაჟო თანხმობა არ მიეცემა - მინისტრი

სანქცირებული ნავთობით დატვირთულ ბათუმის პორტში შესულ გემს საბაჟო თანხმობა არ მიეცემა - მინისტრი
views 3130
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთულ გემს ბათუმის პორტში ტვირთის დაცლის უფლება არ მიეცემა. დავითაშვილის თქმით, შემოწმდა ამ გემის დოკუმენტაცია, საიდანაც გაირკვა, რომ ის სანქცირებული კომპანიის საქონლით იყო სავსე. 

"დღეს ბათუმის ნავსადგურში გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ და საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების გვერდის ავლის ან სანქციების დარღვევის არ ყიფილა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

სურვილი ერთია, რომ ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს საქართველოში შემოიტანოს ასეთი პროდუქტები და ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ ტვირთმფლობელს რატომ შემოიტანა. საქართველოს სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა. საბაჟო თანხმობის გარეშე, პორტი ვერ მიიღებს საქონელს. საბაჟოს თანხმობის გარეშე ეს ტვირთი მოხვდება საქართველოს საბაჟო სივრცეში,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ სანქცირებული რუსული ტვირთი ბათუმის პორტში შევიდა, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი "ესენკა", რომელიც ამჟამად ბათუმის ნავთობტერმინალში დგას. "მთავარი არხის" თანახმად, გემი რუსული სანქცირებული კომპანიის "როსნეფტის", 30 000 ტონამდე  ნავთობპროდუქტით არის დატვირთული.