მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგი ვარ - დავით საგანელიძე

61a0bbed86db8
ინგა მურუსიძე
26.11.21 15:30
2830
"საპარტნიორო ფონდის საბიუჯეტო დაფინანსების წინააღმდეგი ვარ", - ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდის დაფინანსების პოტენციური წყაროს შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

საქმე ის არის, ბოლო რამდენიმე წელია IMF-ის რეკომენდაციის საფუძველზე, ფონდს ახალი პროექტების დაწყება და განხორციელება აკრძალული აქვს. რეფორმის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს სწორედ საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს.

დავით საგანელიძე ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია ელოდება იმ რეფორმებს, რომლებიც საპარტნიორო ფონდის სტრუქტურაში, უნდა განხორციელდეს.

„რაც დავინიშნე, იმ დღიდან ვსაუბრობ, რომ საპარტნიორო ფონდს საკმაოდ მოძველებული სტრუქტურა აქვს. საპარტნიორო ფონდმა საკმაოდ ბევრი სიკეთე გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ ალბათ ბევრად მეტი გაკეთდებოდა სწორად და პერსპექტივაც მეტი ექნებოდა, თუ ამ ფონდის სტრუქტურას დავალაგებთ ისე, როგორც სწორია. საპარტნიორო ფონდს აქვს ორი მიმართულება: ერთი არის სუფთა ე.წ. "ექვითი ფონდი", რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ არ არის, მეორე მიმართულებაა ის, რომ ვითომ არის სახელმწიფო საწარმოების მართვის კომპანია, მაგრამ ესეც არ გამოდის. საწარმოების ნაწილი გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, ასეთი აღრეული საქმიანობა მისაღები არ არის და აუცილებელად უნდა გასწორდეს. ფონდმა, რომელმაც დაახლოებით, 250 მლნ ჩადო ახალ ბიზნესებში, მოახერხა ის, რომ 2 მლრდ-ზე მეტი მოიზიდა გარედან, რაც ფანტასტიური შედეგია, რაც მოხდა თავად ფონდის ძალით“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის საკანონმდებლო დღის წესრიგში შეტანილ ინიციატივას, რომლის თანახმად, შესაძლოა, საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსდეს, დავით საგანელიძე ამბობს, რომ ფონდს აქვს პოტენციალი, თავი თავად ირჩინოს.

"რეფორმის ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ფონდი დაფინანსდეს ბიუჯეტიდან, თუმცა პირადად მე ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგი ვარ. საპარტნიორო ფონდს გააჩნია თავისი პოტენციალი, რომ საქმიანობა განახორციელოს, თუკი ის იქნება გადაწყვეტილებების მიმღები იმ თემებში, სადაც შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. ფონდი თავის საქმიანობაში უნდა იყოს თავისუფალი და მიიღოს დივიდენდები. პარლამენტში განხილვა რომ დაწყება, ის იქნება საჯარო. მე მაინტერესებს ყველას პოზიცია“, - აღნიშნა საგანელიძემ.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ასევე ამბობს, რომ თუკი სახელმწიფო საწარმოები ფონდის მიერ ჩადებულ თანხებს უკან დააბრუნებენ, საბიუჯეტო დაფინანსება საჭირო აღარ იქნება.

"ფონდს აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში ჩადებული თანხები, რომელიც შეიძლება უკან დაგვიბრუნდეს. სახელმწიფო სტრუქტურებს რომ ბანკებიდან აეღოთ ეს თანხა, დაბრუნდებოდა. ჩვენ ჩავდეთ თანხები სახელმწიფო საწარმოებში, მაგრამ უკუამოღება არ გვაქვს. თუ ამ თანხებს დავიბრუნებთ, არანაირი საბიუჯეტო დაფინანსება არ გვჭირდება. თუ სახელმწიფო საწარმოების მიერ მიღებული მოგება წავა არა სუბსიდირებაზე, არამედ ჩვენს დივიდენდებში, მაშინ არანაირი დაფინანსება ბიუჯეტიდან არ გვჭირდება“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - შეჩერებულია თუ არა ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდის საქმიანობა, დავით საგანელიძე პასუხობს, უკვე ორი წელია მხოლოდ ძველი პროექტები ხორციელდება და ახალ პროექტებში ვერ შედიან, რაც მისი შეფასებითვე, "ძალიან ცუდია".