მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო რეფორმა იწყება - როგორ ჩამოგეჭრებათ ხელფასიდან სავალდებულო შესატანი?

5c29e4d11468a
შოთა ტყეშელაშვილი
01.01.19 15:02
43799
2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ნახევრად სავალდებულო, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა იწყება.

ეს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სოციალური რეფორმა იქნება. ქვეყნის ყველა დასაქმებული მოქალაქე ჩაერთვება სისტემაში, რომელიც მათ საპენსიო ასაკში უზრუნველ სიბერეს ჰპირდება, ამისთვის კი, ათეულობით წლების განმავლობაში დასაქმებულისა და დამსაქმებლისგან სავალდებულო შენატანების განხორციელებას ითხოვს. მოქალაქეებს, რომელთა ასაკიც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, 40 წელს აღემატებოდა, 2019 წლის 31 მაისამდე ექნებათ უფლება, დატოვონ სისტემა. 40 წლამდე მოქალაქეებს და მათ დამსაქმებლებს დაზოგვა სავალდებულო პრინციპით მოუწევთ.

რეფორმა საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს - ზოგიერთ შემთხვევაში 40 წელს და მეტსაც ეხება, რაც აქამდე განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს შორის პრაქტიკულად ყველაზე ხანგრძლივია. შესაბამისად, სახელმწიფოს - მოქმედ თუ მომავალ მთავრობებს მუდმივად მოუწევთ დაამტკიცონ, აქვთ თუ არა მათ სათანადო სანდოობა, რომ მოსახლეობის მიერ დაზოგილი მილიარდობით ლარი უდანაკარგოდ და ეფექტურად განკარგონ.

დაზოგვის სქემის აღწერა:

საპენსიო სქემა ეხება თანაბრად დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. თითოეულის თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს;
დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს;
სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

შედეგად მივიღეთ ფორმულა 2+2+2, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვიურად მოქალაქის ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში მიიმართება.

სახელმწიფო ხაზინა საპენსიო სქემის მონაწილეს საშემოსავლო გადასახადის 2%-ს ურიცხავს იქამდე, სანამ მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა არ მიაღწევს 24,000 ლარს. ამის შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული შემოსავლის 1%-ს მანამ, სანამ დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა გადააჭარბებს 60,000 ლარს წლიურად, რის შემდეგაც სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანებს აღარ განახორციელებს.

როგორ მოხდება თანხის გადარიცხვა?


საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმებულის ხელფასიდან სავალდებულო 2%-ის ჩამოჭრა ავტომატურად მოხდება. სააგენტოს ვებგვერდზე კონკრეტული სქემა არის წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი წარიმართება.

მაგალითად, თუ დასაქმებულის დარიცხული ხელფასი შეადგენს თვეში 1000 ლარს. საპენსიო სქემაში მონაწილეობამდე, დასაქმებული, საშემოსავლო გადასახადის გამოკლების შემდეგ ხელზე მიიღებდა 800 ლარს. საპენსიო სქემაში მონაწილეობის შემთხვევაში, დარიცხული ხელფასის 2%, ანუ 20 ლარი, გადაირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, დარჩენილი თანხიდან 1000-20=980 ლარი, დაკავდება 20% საშემოსავლო გადასახადი და მონაწილე ხელზე აიღებს 784 ლარს.

საპენსიო სქემაში მონაწილეობის შემთხვევაში, დასაქმებულმა ხელზე აიღო 800-784=16 ლარით ნაკლები განკარგვადი თანხა. სანაცვლოდ, მონაწილეს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ჩაერიცხა 20 ლარი საკუთარი შენატანი, 20 ლარი დამსაქმებლის შენატანი და 20 ლარი სახელმწიფოს შენატანი, სულ - 60 ლარი.

სახელმწიფო ხაზინა საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული ხელფასის 2%-ს ვიდრე დასაქმებულის დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა არ მიაღწევს 24,000 ლარს წლიურად. ანუ თუ თქვენი ხელფასი მაგალითად თვეში 4 ათასი ლარია, ხაზინა 2%-იან შენატანს განახორციელებს 6 თვის განმავლობაში, დანარჩენი თვეების განმავლობაში კი 1%-იან კონტრიბუციას მიიღებთ.

აქვს თუ არა თქვენს დამსაქმებელს უფლება უარი თქვას სავალდებულო კონტრიბუციის განხორციელებაზე?


არა - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, მთავრობას უფლება ექნება დააჯარიმოს ყველა კომპანია თუ იურიდიული პირი, ვინც დასაქმებულის სავალდებულო საპენსიო კონტრიბუციის გადახდაზე უარს იტყვის. სანქცია პირველ ჯერზე 500 ლარი, განმეორების შემთხვევაში კი, 1000 ლარი იქნება.

საპენსიო რეფორმა ქვეყანაში სამუშაო ძალის 2%-4%-ით გაძვირებას იწვევს. დასაქმებულისგან განსხვავებით დამსაქმებლებს არჩევანი არ აქვთ, თუ მათი დასაქმებული ფონდში მონაწილეობას დათანხმდა, მის დამსაქმებელს სხვა გზა არ რჩება და ისიც ავტომატურად ერთვება სისტემაში. ეს კი საქართველოს კერძო სექტორისთვის პრაქტიკულად ახალი გადასახადის დაწესების ტოლფასია. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული შენატანები იურიულიად გადასახადის სახეს არ ატარებს.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კერძო ბიზნესისთვის წლიდან წლამდე მთავარი გამოწვევა ფინანსებზე წვდომაა, მათი სახელფასო ფონდის 4%-ით გაზრდა შესაძლოა რიგ შემთხვევებში მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს.

საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირება

ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე არსებული მონაწილეთა თანხები, ამონაგების მიღების მიზნით, ინვესტირდება ფინანსურ ინსტრუმენტებში. დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში, მონაწილეთა თანხები განთავსდება მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში, ხოლო 5 წლის შემდეგ, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი ან მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი.

აღნიშნულ შემთხვევაში, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი მაღალი ალბათობით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სახაზინო ობლიგაციები და სახაზინო ვალდებულებებია.

მოქალაქეებს შეეძლებათ გააკეთონ სამი ტიპის არჩევანი და მათი თანხები დაბანდდეს 1) შედარებით დაბალრისკიან აქტივებში; 2) საშუალო რისკიანობის აქტივებში; 3) შედარებით მაღალრისკიან აქტივებში.

თითოეული ამ კატეგორიისთვის განსხვავებული იქნება იმ საფინანსო ინსტრუმენტების თანაფარდობა, რომლებშიც დაზოგილი თანხა უნდა ინვესტირდეს. დაბალრისკიან მიმართულებას შესაბამისად, უფრო დაბალი საპროცენტო სარგებელი ექნება, ვიდრე შედარებით რისკიან მიმართულებას.

წინასწარ უცნობია თუ რა იქნება საშუალოდ ის საპროცენტო სარგებელი, რომელსაც აღნიშნული სისტემა მოქალაქეთა დაზოგილ თანხას დაარიცხავს.

იმის მიუხედავად, რომ საპენსიო სისტემაში აკუმულირებული თანხების მკაცრი მონიტორინგი მოხდება და ისინი კარგად დათვლილი და დაგეგმილი პროცედურების შედეგად ინვესტირდებიან, სახელმწიფო არ იქნება გარანტორი, რომ თქვენ მიერ დაზოგილ თანხას დაიბრუნებთ დანაკარგის გარეშე. აღნიშნულს სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების სახე არ ექნება. შესაბამისად, სისტემაში აკუმულირებული თანხები არ იქნება იმუნური საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისგან, იქნება ეს საბაზრო კრახები, მაღალი ინფლაცია თუ ეკონომიკური კრიზისები.

კანონი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ დროებით მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ დადგა საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული საპენსიო აქტივების 1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებებით.

დაგროვებული საპენსიო თანხის გატანა


დაგროვებითი პენსიის მიღების უფლება მოქალაქეებს მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ექნებათ. შესაბამისად, ქალები მას 60 წლიდან, მამაკაცები კი 65 წლიდან მიიღებენ. თანხის გატანა პირადი განცხადების საფუძველზე მოხდება. თანხას მოქალაქეები საბაზისო პენსიასთან (დღეს 180 ლარი) ერთად მიიღებენ.

ფულის გატანის პრინციპი ასეთი იქნება - ინდივიდიუალურ ანგარიშზე არსებული თანხა გაიყოფა იმ წლების რაოდენობაზე, რომელიც ტოლი იქნება აღნიშნული წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე, მოქალაქის სქესის მიხედვით. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ქალის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 77.8 წელია, შესაბამისად, ქალებისთვის დაზოგილი თანხა გაიყობა 17.8 წელზე, რაც პირობითად მათი პენსიაზე ყოფნის დროს წარმოადგენს. მამაკაცის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 69.2 წელია, რაც ნიშნავს, რომ პირობითად კაცების მიერ დაზოგილი თანხა 4.2 წელზე გაიყოფა.

ამასთანავე, ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოს საპენსიო თანხის ერთიანად მიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები