მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სქემიდან გასულები, რეკავენ და გვთხოვენ, გასვლის განცხადება გავაუქმოთ - სურგულაძე

5d5133bcda864
ლიკა გურაბანიძე
12.08.19 14:30
13562
„არიან ადამიანები, რომლებიც სქემიდან გავიდნენ, 15 წუთში რეკავენ და სასწრაფო რეჟიმში გვთხოვენ გასვლის განცხადება გავაუქმოთ,“ - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ დასაქმებულთა მიერ საპენსიო სისტემის დატოვების კომენტირებისას განაცხადა.  

„მომავალში უფრო გავაძლიერებთ კამპანიას, რომ ადამიანებმა ამ რეფორმის სიკეთეების შესახებ გაიგონ და სხვათაშორის, არის დადებითი ტენდენცია იმისა, რომ პირები საპენსიო სქემაში ბრუნდებიან. ჩვენ ამის სტატისტიკაც გვაქვს და მომავალში ამასაც მოგახსენებთ. არიან ადამიანები, რომლებიც სქემიდან გავიდნენ, 15 წუთში რეკავენ და სასწრაფო რეჟიმში გვთხოვენ გასვლის განცხადება გავაუქმოთ", - განაცხადა სურგულაძემ.


საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ სააგენტოს მიერ გაწეული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, სისტემიდან გასული საჯარო პირები კვლავ სქემაში დაბრუნდებიან.


„რეფორმას უდაოდ გამოკვეთილი სიკეთეები აქვს, უნიკალური სიკეთეები. ასეთი მასშტაბის რეფორმა, როგორც - ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით საქართველოში პირველად ხორციელდება. შესაძლოა, იყო გარკვეული ინფორმირებულობის ნაკლებობა და რაც მოვასწარით, ეს გავაკეთეთ; ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ.


იმ ადამიანებიდან, ვინც სისტემა დატოვა, ჩვენ გარკვეული ანალიზი გავაკეთეთ. ისინი ალბათ იყვნენ ისეთი დაბალი ხელფასის მქონე ადამიანები, რომლებიც საპენსიო შენატანების მიმართ ძალიან მგრძნობიარეები იყვნენ, თუმცა საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი განვითარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებას, ჩვენი შეფასებით დაახლოებით, 3-4%-ით. ეს თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს და შემოსავლების ზრდასაც", - განაცხადა სურგულაძემ.


ცნობისთვის: საპენსიო სააგენტოს ბლო მონაცემებით,  საპენსიო სისტემა ნებაყოფლობით 41,805-მა საჯარო მოხელემ დატოვა. კერძო სექტორიდან კი, დაგროვებითი სისტემიდან 107,137 ადამიანი გავიდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები