მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი", "თიბისი" თუ "OJSC"- ვინ გახდება საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებული დეპოზიტარი

5ebbd3e1da5c6
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.20 15:26
1775
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სხდომის ოქმის მიხედვით, სააგენტომ გადაწყვიტა, რომ სპეციალიზირებული დეპოზიტარის შესარჩევად გამართულ ტენდერში არსებული 3 პრეტედენტიდან ერთთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. საინვესტიციო საბჭოს შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს თანამშრომლობის პირობების შესახებ მოლაპარაკებების სწრაფად დასრულებას.

“სხდომაზე იმსჯელეს სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის საკითხზე. საბჭომ აღნიშნა წინსვლა პროცესში და ხაზი გაუსვა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას, რის გამოც გადაწყდა ერთ-ერთ კანდიდატთან მემორანდუმის გაფორმება, რაც საფუძველი გახდება თანამშრომლობის კონკრეტულ პირობებზე შეთანხმების პროცესის სწრაფად წარმართვისთვის,”- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდის მიხედვით, სპეციალიზებული დეპოზიტარის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ფინანსური ინსტიტუტი იბრძვის. აქედან ორი ქართული ბანკი, ერთი კი სომხეთის სახელმწიფო ცენტრალური დეპოზიტარია. მონაწილეები არიან:

● “Central Depository of Armenia OJSC”
● “ საქართველოს ბანკი”
● “ თიბისი ბანკი”

რა მოვალეობა აქვს სპეციალიზირებულ დეპოზიტარს?

"სპეციალიზებული დეპოზიტარის ძირითადი მოვალეობები იქნება ფასიანი ქაღალდების დეპონირება, საფენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა და ანგარიშგება. აღსანიშნავია რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა წარმოადგენს რეგულირებად საქმიანობას და საპენსიო სააგენტოს წინასწარი შერჩევის შემდეგ, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შესრულების მსურველმა ორგანიზაციამ შესაბამისი ავტორიზაცია უნდა გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. შერჩევისა და დანიშვნის პროცესის დასრულება მოსალოდნელია 2020 წლის მე-2 კვარტალში", – განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.

რამდენი ადამიანი არის ჩართული საპენსიო სისტემაში და რამდენმა დატოვა ის?

სახელმწიფო საპენსიო სისტემა საკუთარი განცხადების საფუძველზე 165,713-მა ადამიანმა დატოვა. ეს კი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 4.4%-ია.

კანონმდებლობის მიხედვით, სისტემიდან გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც რეფორმის ამოქმედების დროისთვის უკვე იყვნენ 40 წლის.

სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, ჯამურად პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა (აქტიური წევრების რაოდენობა) 1,003,162 ადამიანს შეადგენს, რაც მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის 27%-ია.

დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით, სისტემის აქტიურ მონაწილეთა 58% კაცია და 42% კი - ქალი.

ჯამურად სისტემაში ჩართული კომპანიების რაოდეობა 63,881-ს შეადგენს, ხოლო მათი რაოდენობა კი, ყოველთვიურად დაახლოებით, 700 კომპანიით იზრდება.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სისტემის ამოქმედებიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით, 278 ადამიანმა სისტემა სრულად დატოვა, რაც მათი გარდაცვალებით, პენსიაზე გასვლით ან შშმ პირად ქცევით იყო განპირობებული.

საპენსიო ფონდის ჯამური ზომა 736 მილიონ ლარს შეადგენს. ჯამურად ფონდში ყოველთვიურად საშუალოდ 45-50 მილიონი ლარი ირიცხება.

არსებული მდგომარეობით, ძირითადი საფინანსო აქტივი, რომელშიც მოქალაქეთა პენსიები არის განთავსებული, ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატებია.