მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკის ჯგუფის” შვილობილმა კომპანიამ, BGEO GROUP Limited-მა რომან ფიფიას დავა მოუგო

608125775d08d
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.21 11:42
7568
ინგლისისა და უელსის უმაღლესმა სასამართლომ საქმეზე “რომან ფიფია BGEO Group Limited-ის წინააღმდეგ” განაჩენი გამოიტანა - ლონდონის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე “საქართველოს ბანკის ჯგუფის” მიერ გამოქვეყნებული განცხადების  თანახმად, 19 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს დავა მათ სასარგებლოდ დასრულდა. საქმე რუსთავის აზოტს უკავშირდებოდა.

"ინგლისისა და უელსის უმაღლესმა სასამართლომ BGEO Group Limited –ის წინააღმდეგ რომან ფიფიას სარჩელის განხილვა BGEO Group Limited –ის სასარგებლოდ დაასრულა. მოსარჩელე სავარაუდოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის BGEO Group Limited-ისგან 286,499,892.00 აშშ დოლარს ითხოვდა, რომელიც სასამართლომ სრულად უარყო და საქმის განხილვა შეწყვიტა. მოპასუხე მხარე, რომელსაც სონია ტოლანი(QC) და Freshfields Bruckhaus Deringer LLP წარმოადგენს აპირებს მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ სასამართლო ხარჯების სრულად ანაზღაურება მოსარჩელე, რომან ფიფიასგან მოითხოვოს.

ზემოთ ხსენებული სარჩელის ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოს მიერ სრულად უარყოფა გულისხმობს შპს რუსთავის აზოტის აქტივებზე აღსრულებასთან დაკავშირებით სს საქართველოს ბანკისა და მისი ჯგუფის წევრი კომპანიების წინააღმდეგ წარსულში არსებული ყველა სასამართლო პროცესის დასრულებას. ამ საკითხთან დაკავშირებით, East West United Bank S.A, Agrochim S.A. და Sistema Holding Limited-ის მიერ წამოწყებული კიდევ ერთი დავა სს საქართველოს ბანკის და სს ბიჯეო ჯგუფის და სხვების წინააღმდეგ (რომლითაც ისინი ზიანის ანაზღაურების სახით 93.6 მილიონ აშშ დოლარს ან რესტიტუციას ითხოვდნენ) მოპასუხეთა სასარგებლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 29 დეკემბერს დასრულდა, როდესაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და მოსარჩელეთა პრეტენზიები სრულად უარყო,”- ნათქვამია განცხადებაში.

"საქართველოს ბანკმა" 2011 წელს "რუსთავის აზოტს" $100 მილიონის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო. კომპანიამ, რომელთან დაკავშირებული მხარე ბიზნესმენი რომან ფიფია იყო ბანკისგან აღებული ვალდებულება ვერ დაფარა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “საქართველოს ბანკმა” დაუფარავი სესხის უზრუნველყოფის სახით ჩადებული ქონება - ანუ რუსთავის აზოტის უძრავ-მოძრავი ქონება და არამატერიალური აქტივები 2016 წელს აუქციონის გზით გაყიდა. აუქციონზე კომპანიის აქტივები EU Investments-მა შეიძინა, რომელიც ამჟამად სააქციო საზოგადოება "რუსთავის აზოტს" ფლობს. რომან ფიფიამ დავა სს საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის წინააღმდეგ, სავარაუდო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ინგლისისა და უელსის უმაღლეს სასამართლოში 2018 წელს დაიწყო, რომლის არსებითი განხილვაც 2021 წლის 19 აპრილს უნდა დაწყებულიყო - სწორედ ამ დავაში გაიმარჯვა BGEO Group Limited-მა.