მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია გამოჩნდება

5e39b74c6088b
ანუკა ჯოხაძე
04.02.20 23:15
11504
საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია Aero Georgia გამოჩნდება. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა იგორ აფციაურმა განუცხადა. როგორც აფციაური ამბობს, ავიაკომპანიის ჩამოყალიბებაზე უკვე სამი თვეა მიმდინარეობს მუშაობა. მისი თქმით, ინვესტიციას კერძო ინვესტორი განახორციელებს და მისი მოცულობა პირველ ეტაპზე 5 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. აფციაური იმასაც ამბობს, რომ სერთიფიცირების პროცესი სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დაიწყება.

“პირველი წელი გვეყოლება ერთ ბორტი. საჭირო იყო ისეთი ბორტი შეგვერჩია, რომელიც ყველა ტიპის ჩარტერულ რეისებს მოიცავს. ამ ეტაპზე ბიზნესგეგმის შედგენას მოვრჩით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ინვესტორი არის ევროპიდან, ეს არის კერძო ინვესტორი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ინვესტიციის რაოდენობა დაახლოებით 5 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება, ეს არის პირველი ეტაპი, რაც ჩვენს შემთხვევაში გვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლის ბოლოს მოვრჩებით უკვე ყველა საჭირო დოკუმენტაციას, ბიზნესგეგმის დამტკიცებას, ხელშეკრულების ხელმოწერას", - ამბობს Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

როგორც აფციაური ამბობს, კომპანია იმუშავებს რამდენიმე განსხვავებული ჩარტერული ფრენების მიმართულებით, პირველ ეტაპზე მუშაობა მხოლოდ ერთი ბორტით დაიწყება, ხოლო რაც შეეხება მიმართულებებს, მისი თქმით, აქცენტი როგორც უკვე კარგად ცნობილ მიმართულებებზე, ისე ახალ ბაზრებზეც გაკეთდება. ამასთან, პირველ ეტაპზე ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპოტიდან განხორციელდება, თუმცა მომავალში არ გამორიცხავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ათვისებასაც.

“რაც შეეხება სეზონურ ჩარტერებს, ეს იქნება ეგვიპტე, თურქეთი, ძალიან ვითარდება ახლო აღმოსავლეთის სპარსეთის ყურის ქვეყნები, როგორებიცაა ქუვეითი, ბაჰრეინი, ემირატების მიმართულება. გვინდა ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაშიც რომ დავიწყოთ ფრენების განხორციელება”, - აცხადებს Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა კომპანია Aero Georgia Group რამდენიმე თვის წინ ჩამოაყალიბა, რომელიც არაერთი მიმართულებით იმუშავებს. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group საქმიანობა ძირითადად ოთხ მიმართულებას გააერთიანებს - AeroConsulting, AeroTravel, AeroGSA და AeroProMan.