მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკური რეფორმები აკლია – „ევროპული ბიზნესასოციაცია“ TOP-გამოწვევებზე

5eeddfb05b8db
ელენე კვანჭილაშვილი
20.06.20 19:10
1221
„გამოწვევები არსებობს. ეს გამოწვევები არ არის ახალი. ამის მიზეზი არც COVID-19-ია. უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩვენ ამ გამოწვევებზე ღიად ვსაუბრობთ“, - ასეთია ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის ჯონ ბრეკეველდტის პასუხი „ანალიტიკას“ კითხვაზე - რა შეიძლება ჩავთვალოთ დღეს ინვესტორებისთვის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებად, საქართველოში ჩადონ თავიანთი ინვესტიცია.

ჯონ ბრეკეველდტს რამდენიმე ასეთი სფერო აქვს იდენტიფიცირებული. ამაში მას პირადი გამოცდილებაც ეხმარება, რადგან 10 წელზე მეტია უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრობს და საქმიანობს.

პირველ გამოწვევად ჯონ ბრეკეველდტი „ანალიტიკასთან“ სატენდერო სტანდარტებს ასახელებს. „დღეს აქცენტი მხოლოდ ფასზე კეთდება და ხარისხი პრაქტიკულად უგულებელყოფილი, არადა, საქართველო დღეს უკვე არის იმ ეტაპზე, რომ ევროკავშირის სტანდარტებს უპასუხოს“, - ამბობს ევროპული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.

მეორე გამოწვევა - სასამართლო სისტემაა. ჯონ ბრეკეველდტი მთავარ აქცენტს მედიაციისა და არბიტრაჟის შესაძლებლობებზე სვამს. მისი განმარტებით, ევროპული ბიზნესასოციაცია ამ მიმართულებებით უკვე 2 წელია აქტიურად მუშაობს და სპეციალური სამსახურიც კი აქვს შექმნილი.

„მეტი ინფორმაციაა საჭირო იმაზე, რომ ბიზნესდავის შემთხვევაში, შესაძლებელია, მედიაციის სერვისის გამოყენება. არ გვჭირდება სასამართლოში სირბილი და ძალიან დიდხანს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების ლოდინი; მით უმეტეს, რომ მოსამართლეთა დიდ როდენობას უბრალოდ არ ესმის ბიზნესის წარმოების ლოგიკა“, - აცხადებს ის.

კიდევ ერთი გამოწვევა - საგადასახადო დავებია. ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი „ანალიტიკა“ უყვება, რომ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით, მის ასოციაციას არაერთი სარეკომენდაციო ხასიათის წინადადება აქვს მომზადებული.

„ვფიქრობ, მთავრობამ მეტი და სწრაფად უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით. ამ პრობლემების გადაჭრა ძალიან მარტივად შეიძლება, თუკი საგადასახადო რეფორმირების პროცესში ბიზნესიც იქნება ჩართული“, - აღნიშნა მან.

და ბოლოს, ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ საქართველოს სწრაფი და ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმები აკლია. რეფორმების საჭიროება, მისთვის, განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება ორი მიმრათულებით - საბაჟო და მუნიციპალური სერვისები. „მიმაჩნია, რომ მთელი საბაჟო უნდა დაიშალოს და სისტემა საერთოდ ნულიდან აეწყოს. იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ დღეს ის არ ფუნქციონირებს. მუნიციპალური სერვისების დონეზეც იგივე ხდება - იცით, რამხელა დრო სჭირდება იმას, რომ ბიზნესმა მშენებლობის ნებართვა აიღოს? ეს უკვე აღარ არის მთავრობა, მერია ან სხვა სერვისები, რომლებიც გეხმარება - პირიქით, ტვირთს გადებს და ეს უნდა შეიცვალოს“, - ამბობს „ანალიტიკასთან“ ჯონ ბრეკეველდტი.