საქართველოს მასობრივი ვაქცინაცია, დაახლოებით, 200 მლნ ლარი უჯდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვაქცინების შესაძენად 100 მლნ ლარი უკვე გადარიცხულია.
„მომდევნო კვირას კიდევ 25 მლნ ლარი გადაირიცხება, რითაც ფაქტობრივად, გადახდილი გვექნება იმ 4 მლნ დოზა ვაქცინის შესაბამისი თანხა, რაც მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისთვის არის საჭირო. ამ თანხას ანუ 125 მლნ ლარს ემატება COVAX-პლატფორმისთვის გადარიცხული თანხები, მოგეხსენებათ, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შენატანი გააკეთა. კიდევ გადავრიცხავთ გარკვეულ თანხას, ვაქცინების მიწოდების პარალელურად. ამდენად, ჯამში, უშუალოდ ვაქცინების შეძენის ღირებულება 160 მლნ ლარია, რომელსაც დაემატება დაახლოებით, 30 მლნ ლარი, როგორც სერვისის - ვაქცინაციის ღირებულება. ჯამში, საუბარია 200 მლნ ლარზე, რომელიც მოიცავს ვაქცინების და კერძო სექტორის მიერ მომსახურების გაწევის ღირებულებას“, - განმარტა მინისტრმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საქართველოში 1 მლნ დოზა „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები შემოვიდა. ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყება.




























