საქართველოს რკინიგზამ 2022 წელი რეკორდული 396.7 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპანიის საოპერაციო შემოსავლები 23%-ით გაიზარდა და 674.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გადაზიდვების რეკორდულმა ზრდამ და სამგზავრო გადაყვანების მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა. სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალი კი 388.4 მილიონი ლარი იყო.
ასევე აღსანიშნავია, ლოგისტიკური მომსახურებიდან შემოსავლების 77%-იანი ზრდა, რომელმაც კომპანიას 123.1 მილიონი ლარის შემოსავალი მოუტანა.
ამასთან, 2022 წელს სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავალი, 2021 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 27.4 მილიონი ლარი შეადგინა. წმინდა ფინანსური შემოსავალი კი 178.9 მილიონი ლარია, რაც ძირითადად განპირობებული იყო 2021 წლის ევრო ობლიგაციების რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში.
საქართველოს რკინიგზა ლიკვიდურობის მაჩვენებლების გაუმჯობესებასაც განაგრძობს. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არსებული ფულადი სახსრები 274.6 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს - 62.4 მილიონი ლარით აღემატება.
2022 წლის აუდირებულ ანგარიშგებებთან ერთად, საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგებიც გამოაქვეყნა. 2023 წლის პირველი სამი თვის წმინდა მოგებამ 82.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის წმინდა მოგებას 3.5-ჯერ აღემატება.
(R)