მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება - ვის დართო აცრის უფლება საბჭომ?

615ec5c0c3dd7
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.21 15:02
734
იმუნიზაციის საბჭოს წევრის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია მაღალი რისკის მქონე ჯგუფებიდან დაიწყება. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში ბავშვებში კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია, ამიტომ ქრონიკული და თანდაყოლილი დაავადებების მქონე ბავშვების აცრა, ინფიცირებისა და ლეტალობის რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია. ივანე ჩხაიძის თქმით, იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის ე.წ. გერმანული მოდელი დაამტკიცა და ბავშვების აცრა მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით მოხდება.

„დელტა შტამმა ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან შეცვალა. ამ შტამმა კორონავირუსის საშუალო ასაკი გააახალგაზრდავა, რის გამოც ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ მაისიდან 12-15 წლის ბავშვებში ვაქცინაცია დაიწყო. უფრო მეტიც აშშ-ის პედიატრიის აკადემიას FDA-ში შეტანილი აქვს განაცხადი, რომ დააჩქარონ 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციის ნების დართვის პროცესი.

ჩვენც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საქართველოში „დელტა“ ვარიანტი დომინანტურია, ჩვენც გვქონდა პერიოდი ქვეყანაში, როცა საწოლები პედიატრიული პაციენტებისთვის საკმარისი არ იყო, იმდენად მოიმატა ჰოსპიტალიზაციამ ბავშვებში.

დღეს, იმუნიზაციის საბჭოს ე.წ. გერმანული მოდელი შევთავაზეთ, რომელიც პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვების ვაქცინაციას გულისხმობს. ეს ის მდგომარეობაა, რომელიც ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების მაღალ რისკთან არის დაკავშირებული. ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები - გულის, ღვიძლის და ა.შ.

პირველ ეტაპზე ქვეყანაში ბავშვების ვაქცინაცია რისკის ჯგუფებში დაიწყება და შემდეგ იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტს, გაფართოვდება თუ არა ეს ჯგუფები და გახდება თუ არა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაცია უნივერსალური რეკომენდაცია“, - განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს წევრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები