მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გამოკითხულთა მხოლოდ 13%-ს სურს, საკუთარი ბიზნესის დაწყება - კვლევა

5f315222d4dfc
თამთა ჯიჯავაძე
10.08.20 21:00
1667
უფრო მეტი ქართველი ფიქრობს პიროვნული პოპულარობისა და მაღალი სტატუსის მიღწევაზე (34%), ვიდრე საკუთარ თემსა თუ საზოგადოებაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე (13%)- ამის შესახებ ნათქვამია Noblet Media-სა და Info Sapiens-ის ერთობლივ კვლევაში, რომელმაც გამოკვეთა მომხმარებლების ცხოვრების მიზნებისა და პრიორიტეტების თავისებურებები ექვს სახელმწიფოში: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.

კვლევის მიხედვით, სხვა ხუთი ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, ქართველებიც ყველაზე ხშირად ორიენტირებული არიან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (71%). ამასთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართველები და აზერბაიჯანელები შედარებით უფრო მოქნილები არიან: ქართველების 6% და აზერბაიჯანელების 10% მზად არის შემდეგი 10 წლის მანძილზე საკუთარი საქმიანობის სფერო შეიცვალოს. ქართველების 23%-ს სურს, გლობალურ კერძო კომპანიაში მუშაობა, 18%-ს - ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო სექტორში, მხოლოდ 13%-ს აქვს საკუთარი ბიზნესის დაწყების სურვილი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში მუშაობა აღნიშნული ექვსი ქვეყნიდან ყველაზე მეტად ქართველებს (15%) სურთ. ქართველების უმრავლესობა თავისუფალ დროს უმეტესად მეგობრებთან ატარებს, უკრაინელების უმრავლესობას კი ოჯახის შექმნა და ბავშვების ყოლა ურჩევია.

„ქართველები გამორჩეული არიან გუნდური სულით: მათ აქვთ გარკვეულ ჯგუფებთან ან იდეებთან ასოცირების, საერთო ხედვების გაზიარების სურვილი. ქართველების მხოლოდ 11%-ს შეუძლია ეკონომიკური და სოციალური თემების შესახებ მოსაზრებების ონლაინ თავისუფლად გამოქვეყნება, მოქალაქეების ნახევარი კი ქვეყნის მომავლის შესახებ ოჯახსა და მეგობრებთან მსჯელობს.

უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრებზე ორიენტირებული ბუნების მიუხედავად, ოჯახს ყველაზე დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრების ჩამოყალიბებაზე (58%). ქართველები მზად არიან მტკიცედ დაიცვან მოსაზრება, რომელიც მათ ღირებულებებს ასახავს. შესაბამისად, კომპანიებმა ქართველები უნდა აღიქვან ეფექტიან გუნდურ მოთამაშეებად და ამავე დროს, კორპორატიულ ცხოვრებაში ამ ადამიანების მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, დეტალურად გააცნონ კომპანიის ხედვა და მისია. ბიზნესებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ქართველებისთვის ახალი ამბების მიღების მეგობრებზე ორიენტირებული ბუნება და ინფორმაციის მთავარ წყაროდ სოციალური მედია გამოიყენონ“, – აღნიშნულია კვლევის ავტორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევა წარმოადგენს საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური, ფინანსური და ეკონომიკური ხედვების, ქცევის, ცხოვრების სტილისა და მედიის გამოყენების შესახებ მონაცემებს ექვს სახელმწიფოში - უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უზბეკეთში. თითოეულ ქვეყანაში 200 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა 18-45 წლის ასაკის ქალაქის მოსახლეობაში 2020 წლის აპრილში.