საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მზის ელექტროსადგურის 3 პროექტზე მუშაობს - ამის შესახებ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს. როგორც ის ამბობს, საუბარია 5-, 25- და 50-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებზე.
ჩიქოვანის თქმით, სამივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება.
მზის ელექტროსადგურების მშენებლობა საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში იგეგმება.
“მზის ელექტროსადგურების ოპერირება 2022 წლის ბოლოსკენ დაიწყება. როგორც გორის ქართლის ელექტროსადგურის შემთხვევაში მოხდა, ახლაც იგივე სტრატეგიით მივდივართ, პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი განახორციელებს და შემდეგ მისი გასხვისება მოხდება ”,- აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.
მისი თქმით, პირველი ელექტროსადგურის პროექტი საგარეჯოს რაიონში - უდაბნოში განხორციელდება. მასში ჩადებული ინვესტიცია 3-3.5 მილიონი დოლარი იქნება.