მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ოფისს აუცილებლად გავხსნით, ინვესტიციასაც ჩავდებთ - კრიპტობირჟა BINANCE

6387686325066
გიორგი თოლორდავა
30.11.22 18:22
2605
საქართველოში ვიზიტისას, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ Binance-ი საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს აუცილებლად გახსნის და ქვეყანაში გუნდის წევრების რაოდენობასაც მნიშვნელოვნად გაზრდის.

"საქართველოში ოფისი აუცილებლად გვექნება და ჩვენი წარმომადგენლობაც გაიზრდება. ამჟამად ქვეყანაში ორი თანამშრომელი გვყავს, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზრდება. მაგალითად გეტყვით, რომ გასულ წელს დუბაიში მხოლიდ ორი თანამშრომელი გვყავდა, ახლა კი მათი რაოდენობა 600-ს აღწევს. ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოშიც ასეთი მკვეთრი ზრდა გვექნება.

ზოგადად, საქართველო უნიკალური ქვეყანაა, ის ევროპისა და აზიის გასაყარზეა, ნეიტრალურია და ბიზნესისთვის ხელსაყრელია", - ასე უპასუხა BMG-ის შეკითხვას Binance-ის ხელმძღვანელმა.

პრესკონფერენციის დაწყებისას ჩანგპენგ ჟაომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის აღფრთოვანებულია საქართველოში არსებული გაციფრულების ტენდენციითა და ინოვაციების მიმღებლობით.

ჟაომ აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ Binance-ი ადგილობრივ ბლოკჩეინ და კრიპტო პროექტებში ინვესტირების პერსპექტივასაც განიხილავს.

ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით BMG-ის შეკითხვაზე ჟაომ უპასუხა, რომ ქვეყანაში შესვლის დროს Binance-ი მრავალი სახის ინვესტიციას ახორციელებს, მათ შორისაა: ფიზიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა, კადრების გადამზადება და ადგილობრივ პროექტებსა თუ ბიზნესებში ინვესტირება. ჟაოს თქმით, როდესაც კომპანია გადაწყვეტს ქვეყანაში შემოსვლას მას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი FDI.

ჩანგპენგ ჟაომ აგრეთვე აღნიშნა, რომ Binance-ს კონკურენტების და ინდუსტრიის სხვა მოთამაშეების მხრიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის ეფექტიც აქვს, კერძოდ, როდესაც მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟა რომელიმე ქვეყანაში შედის, მას აუცილებლად მოჰყვებიან სხვა კომპანიებიც, რაც, საერთო ჯამში, ადგილობრივ ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები