მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პირველად, ხელოვნების სასახლის ექსპონატები Google-ის მუზეუმში აიტვირთება

56fcb7f679aaf
BM.GE
31.03.16 09:36
2298
გუუგლის კულტურული ინსტიტუტი (Google Cultural institute) თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობას იწყებს. ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, “Google”-ს კულტურული ინსტიტუტი მსოფლიოში უდიდესი სახელოვნებო ვირტუალური გაერთიანებაა, მისი საშუალებით ხელოვნების სასახლეს საშუალება ეძლევა ქართული ეროვნული საგანძურის უნიკალური ნიმუშები სპეციალურ საიტზე განათავსოს.
 
"მუზეუმში დაცული ხელოვნების ძეგლები იმ დიდი ვირტუალური ოჯახის ნაწილი გახდება, სადაც უკვე განთავსებულია მიქელანჯელოს, ლეონარდო დავინჩის, ბოტიჩელის, კარავაჯოს, ვან გოგის და სხვათა ნამუშევრები.

ხელოვნების სასახლე საქართველოში პირველი სამუზეუმო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს ამ პრესტიჟული კულტურული ინსტიტუტის წევრი გახდა. მუზეუმში უკვე დაიწყო პროცესი სათანადო ვებ-გვერდზე ფოტოების ასატვირთად. პირველ ეტაპზე მზადდება პეტრე ოცხელის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, სერგო ქობულაძის, ქეთევან მაღალაშვილის, კირილე ზდანევიჩის, ლეონ ბაქსტის, ფრანსუა ლეჟეს, მიქელანჯელო მეუჩის და სხვათა ტილოები, ასევე ჩაიტვირთება გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, კინო და თეატრალური კოსტუმები, ხელნაწერები, ძვირფასი ფაიფური, არქეოლოგიური ნივთები, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული ხელოვნების ნიმუშები.

“Google”-ს კულტურული ინსტიტუტის მოთხოვნათა შესაბამისად ფოტოები უმაღლესი რეზოლუციით აიტვირთება და დამთვალიერებელს შედევრების უმცირესი დეტალების დანახვის საშუალებაც კი ექნება.

ხელოვნების სასახლე კავკასიის მეოთხე მუზეუმია რომელიც ინსტიტუტის წევრი გახდა, აზერბაიჯანი ინსტიტუტში სამი მუზეუმითაა წარმოდგენილი, სომხეთი კი ჯერ-ჯერობით არცერთით", - განმარტავენ ხელოვნების სასახლეში.