მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ბელარუსული საწარმო გაიხსნება - თურნავა

5e4d616eb3e90
BM.GE
19.02.20 21:00
2544
დღეს საქართველოში 70-მდე ბელარუსული კაპიტალით შექმნილი კომპანია ფუნქციონირებს, უახლოეს თვეებში გაიხსნება კიდევ ახალი ბელარუსული საწარმოები, მათ შორის იქნება მაღალტექნოლოგიური რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბელარუსი-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით საქართველოს ბაზარზე ბელარუსული კაპიტალის კიდევ უფრო გაზრდაა შესაძლებელი.

ასევე, თურნავას განცხადებით, მისასალმებელია, რომ უკვე შექმნილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ლიფტების ერთობლივი წარმოება.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსს შეუძლია მოახდინოს თავისი სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია და ამისთვის გამოიყენოს შავ ზღვაზე მიმოსვლა, გამოიყენოს საქართველოს პორტები, რომლებიც ძალიან ინტენსიურად ვითარდება და გამოიყენოს ის გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელსაც საქართველო სთავაზობს რეგიონის ქვეყნებს. ყველა ეს არსებული მიღწევა და სამომავლო პროექტი ასახულია კომისიის სხდომის ოქმში და იმ მოლაპარაკებებში, რაც შედგა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. სხდომას ბელარუსის მხრიდან თავმჯდომარეობდა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ვლადიმერ დვორნიკი, ქართული მხრიდან - მინისტრი ნათია თურნავა.

კომისიაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და სამომავლო აქტივიზაცია, ასევე თანამშრომლობა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის სფეროებში და სხვა.