მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წარმოებული ჯინი ექსპორტზე ავსტრალიაში გავიდა

63aad79390c64
თინათინ ნატმელაძე
27.12.22 22:45
895
Soma Dry Gin-ი რამდენიმე თვეა ქართულ ჯინს აწარმოებს, ახლახან კი სატესტო რაოდენობა ექსპორტზე ავსტრალიაშიც გაგზავნა.

კომპანიის თანადამფუძნებელმა დათა ლაფაურმა BM.GE-თან განაცხადა, რომ ქართულ ბარებში ჯინზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მხოლოდ იმპორტირებული არსებობდა, რამაც Soma Dry Gin-ის შექმნა გადააწყვეტინა.

„პირველ რიგში ჩვენ გვიყვარს და გვაინტერესებს ჯინი, ამ საქმეში დიდი ხანია ვართ. ვაწარმოებდით ღვინოს და გვაქვს ბარი, ჯინის საკმაოდ სოლიდური გაყიდვები გვქონდა ყოველთვის და ჩვენი ბარის პოლიტიკაა, რომ ქართულ წარმოებას ხელი შევუწყოთ. ვეძებდით ქართული წარმოების ჯინს, რომელიც ხარისხიანიც იქნებოდა და გაყიდვადიც, მაგრამ ყველა მათგანი იმპორტირებული იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს საქმე ჩვენ დაგვეწყო. სამი წელი ექსპერიმენტებს ვატარებდით, ჩართული გვყავდა ტექნოლოგები და მკვლევარები, დახმარებას ვიღებდით ბარმენებისგან და სომელიეებისგან. პროცესში ჩავრთეთ მეცნიერებიც, რომლებსაც სხვადასხვა ენდემური მცენარეები გამოვაკვლევინეთ და ივლისიდან უკვე სერიოზული წარმოებაც დავიწყეთ. ახლა წარმოების პროცესში ძირითადად სამი ადამიანი ვართ ჩართული", - აცხადებს დათა ლაფაური.

მისივე თქმით, კომპანიამ გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყო და საქართველოში პროდუქცია „სმაგლერსის“ მაღაზიათა ქსელში და „დედაენის ბარში“ იყიდება. "ხნის მანძილზე დაახლოებით 600 ბოთლი გავყიდეთ, ახლახან კი სატესტო რაოდენობა, 120 ბოთლი, ავსტრალიაში ექსპორტზეც გავგზავნეთ, ჯერ კიდევ გზაშია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ჩვენთვის,“ - განმარტავს იგი.

Soma Dry Gin-ს უკვე სამომავლო გეგმებიც გაწერილი აქვს და უახლოეს მომავალში წარმოების გაზრდას, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას და გერმანიის ბაზარზე შესვლასაც გეგმავენ.

„ყველაფერი პირადი ძალებით, ენერგიითა და გამოცდილებით დავიწყეთ, მომავალი წლიდან კი ისევ პირადი ინვესტიციით ან და საგრანტო კონკურსების დახმარებით წარმოების გაზრდას, საერთაშორისო გამოფენებზე ჩვენი პროდუქტის გაგზავნას და პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე გერმანიის ბაზარზე შესვლასაც ვგეგმავთ“ - ამბობს Soma Dry Gin-ის თანადამფუძნებელი.

რაც შეეხება გამოწვევებს, დათა ლაფაური გვიყვება, რომ ძირითადი სირთულე ცნობილი ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევაა.

„მთავარი გამოწვევა არის ბიუროკრატიული პროცესები და კოლოსალური გადასახადები, ძალიან კარგი იქნებოდა პატარა კომპანიებისთვის აქციზების მიღება და საგადასახადოებთან ურთიერთსა უფრო გამარტივებული იყოს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა წლიურად 1 000 ბოთლს აწარმოებ თუ მილიონს, მაინც ერთნაირი პირობები გაქვს, რაც, რა თქმა უნდა, გვირთულებს, რომ ცნობილ ბრენდებს კონკურენცია გავუწიოთ,“ - განმარტავს დათა ლაფაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები