მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ბიზნესი სასამართლოში ჩივის

623b2852b235d
ელენე გოგბერაშვილი
23.03.22 19:00
2092
სათამაშო ბიზნესმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება შემოსავლების სამსახურის მხრიდან შეთავაზებულ საგადასახადო აღრიცხვის მეთოდს, რასაც სათამაშო ბიზნესი არ ეთანხმება. გარდა ამისა, სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, აპრილის შუა რიცხვებამდე საკონსტიტუციო სასამართლოში ინდუსტრიის კიდევ რამდენიმე სარჩელი შევა, რომლითაც კერძო სექტორი მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი მათ შორის როგორც 25 წლამდე პირების აზარტულ თამაშებში მონაწილეობის შეზღუდვა, ასევე გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება.

„სარჩელი შევიდა კომპანიების სახელით. არსებობს საბონუსე სისტემა, რომელიც აქვს ყველა კომპანიას. ეს არის ე.წ ფრისპინების სისტემა, უფასო წახალისება. შემოსავლების სამსახურს უნდა, რომ ეს ჩვენ დავბეგროთ, რაც მიგვაჩნია არასწორად. შესაბამისად, ამაზე გავაკეთეთ რეაგირება.

ასევე ახლა ვასრულებთ კონსულტაციებს კონსტიტუციონალისტებთან და აუცილებლად შევა ჩვენი სარჩელები აპრილის შუა რიცხვებამდე და დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოახდენს ისეთ რეაგირებას, როგორც წესით და რიგით უნდა გვქონდეს უკანონო და არაკონსტიტუციურ ქმედებაზე. ეს ეხება როგორც 25 წლამდე თამაშის აკრძალვას, ისე გადასახადების გაზრდას სათამაშო ბიზნესისთვის“-აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

შეგახსენებთ, "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები ძალაში 1 მარტიდან შევიდა, რომლის მიხედვით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

მანამდე, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სათამაშო ბიზნესს საგადასახადო წნეხი 70%-მდე გაეზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები