მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ“ - თამარ გაბუნია

615c0df298255
ვიქტორია მღებრიშვილი
05.10.21 13:47
365

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციაზე ჯანდაცვის სამინისტროში "არ საუბრობენ". ამის შესახებ მან უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმული იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების ვადებს შეეხებოდა.

თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ საინფორმაციო კამპანიის შედეგად მოქალაქეების აცრაზე დარწმუნების რესურსი ჯერ კიდევ არის და შესაბამისად, ნებაყოფლობით ვაქცინაციაში აუცრელი მოსახლეობაც ჩაერთვება.

„ვფიქრობთ, ჯერ კიდევ არის გარკვეული რესურსი იმისთვის, რომ მოქალაქეები თავისი ნებით აიცრან, განსაკუთრებით სოფლად, სადაც როგორც საინფორმაციო კამპანია იყო ნაკლები, ასევე - თავად ოჯახის ექიმების აქტიურობა, რათა მოეზიდათ მოსახლეობა. ამდენად, ჯერ კიდევ საჭიროა საგანმანათლებლო მუშაობა და ოჯახის ექიმების აქტიური კომუნიკაცია მათთან რეგისტრირებულ პირებთან იმისთვის, რომ მოსახლეობამ აცრის გადაწვეტილება თავად მიიღოს.

ვაქცინაციის წახალისების მიზნით, მეტად აქტიური ზომები, მაგალითად როგორიც არის "მწვანე საშვი", რომელსაც ბევრი სხვა ქვეყანა იყენებს, უფრო აქტუალური ქალაქის ტიპის დასახლებებშია. ქალაქებში მაღალი მოცვის მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა ეს არ არის ის სამიზნე, რომლის მიღწევა გვინდა და დაგეგმილია. ამაზე კონსულტაციები იმართება და გარკვეულმა ბიზნეს ჯგუფებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება ე.წ. "მწვანე ბარათების" დანერგვაზე ანუ სტუმარს სთხოვენ სრულად აცრის ან ნეგატიური PCR/სწრაფი ტესტის პასუხის ან ბოლო 6 თვის განმავლობაში covid-ის გადატანის დამადასტურებელ ცნობას.

რაც შეეხება მოქალაქეების სავალდებულო ვაქცინაციას, ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ; ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია პირის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე. გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ამ გადაწყვეტილებამდე უფრო სწრაფად მივიდეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აუცრელი დარჩა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

ჯანდაცვის სამინისტროსგან განსხვავებული პოზიცია აქვთ NCDC-ში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ თქვა და დღესაც აღნიშნა, რომ ის პედაგოგების და სამედიცინო მუშაკების სავალდებულო აცრის მომხრეა.