მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, მიზეზი ახალი საგარეო ვალია

5f608cfe62cea
შოთა ტყეშელაშვილი
15.09.20 13:55
3079
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 31 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის სავალუტო რეზერვებმა, $3.93 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს სავალუტო რეზერვების მაქსიმალურ მოცულობას წარმოადგენს. 

ჯამურად ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა $338.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ COVID-19-ის კრიზისის პირობებში მოზიდული ახალი საგარეო ვალია. მათ შორისაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებები.



რაც შეეხება სავალუტო რეზერვების ხარჯვის დინამიკას, ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის დასასტაბილურებლად, სავალუტო აუქციონების მეშვეობით $369.5 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს სულ 12 სავალუტო ინტერვენცია განხორციელდა, მათ შორის უკანასკნელი 10 სექტემბერს იყო. 

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, სებ-ი ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად წლის ბოლომდე კიდევ $200 მილიონ დოლარს გაყიდის. 

“ვიცით, რომ წელს მთავრობის მიერ სესხების აღებით ქვეყანაში $1.5 მლრდ უნდა შემოვიდეს და ეს თანხები ეტაპობრივად ირიცხება. შესაბამისად, აღნიშნული რეზერვების ზრდაში აისახება. წელს როგორც ეროვნულ ბანკს აქვს გაცხადებული, მნიშვნელოვან სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს, მას ამ ეტაპზე სულ ლარის მხარდასაჭერად, დაახლოებით, 370 მლნ დოლარი აქვს დახარჯული", - ამბობს ევა ბოჭორიშვილი.