მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სავენტილაციო სისტემის მოწესრიგება ჯერ ვერ ხერხდება" - ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტი პროტესტს პასუხობს

62dd45689d87b
ლიკა გურაბანიძე
24.07.22 17:42
805
ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანასთან მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით, ქარხანა სპეციალური ფილტრების გარეშე მუშაობს და გარემოს აბინძურებს. მათი თქმით, ღამით გამოყოფილი გამონაბოლქვის გამო, მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა და ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ. მოსახლეობა ქარხანაში შესაბამისი სტანდარტების ფილტრების მონტაჟს მოითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ფორმებს მიმართავენ.

როგორც BMG-ის “ქუთაისის მეტალურგიულ ქარხნის” მმართველი კომპანია შპს “ამბიკონ სტილსის” კორპორატიულ საქმეთა მენეჯერმა ნათია სულაკაძემ განუცხადა, 2019 წლიდან კომპანია ახალი დანადგარების გადაიარაღებას, მათ შორის ყველაზე მთავარი სავენტილაციო სისტემის შემოტანას ინდოეთიდან ცდილობდა, თუმცა პანდემიამ მათ ხელი შეუშალა. ქარხანის მენეჯმენტი ცდილობს, რომ ტექნიკა გადაიარაღდეს, განახლდეს, ზოგ შემთხვევაში გამოიცვალოს და შეკეთდეს, თუმცა სრულად 100%-ით სავენტილაციო სისტემის ეფექტიანად მოწესრიგება ვერ ხდება, რადგან უფრო მასშტაბური სამუშაოა ჩასატარებელი, რასაც გარკვეული დრო და ინვესტიცია სჭირდება.

“პანდემიამ ტექნიკის ძირეული გადაიარაღების პროცესში ხელი შეგვიშალა. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიამ მუშაობა დაიწყო, ფილტრები გამოვცვალეთ და არსებული სავენტილაციო სისტემა შეკეთდა. რა თქმა უნდა, ეს სრულყოფილი არ არის და ამას ჩვენ ვაღიარებთ, ადგილობრივი მოსახლეობის წუხილიც გვესმის. 2019 წლიდან დღემდე სპეციალური აუდიტის, არსებული სავენტილაციო დანადგარების შეფასებისთვის ინდოეთიდან სპეციალისტის ჩამოყვანა ვერ მოხერხდა. აუდიტის მომზადებას და შემდგომ უკვე სავენტილაციო სისტემის გამოცვლას მნიშვნელოვანი ინვესტიცია სჭირდება, ეს არ არის რამდენიმე კვირაში მოგვარებადი საკითხი. ამიტომ, გარემოს დაცვის სამინისტროსგან შესაბამის ვადას 4-5 თვეს ვითხოვთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ", - განაცხადა ნათია სულაკაძემ.

მისივე განმარტებით, კომპანიის საქმიანობაში ჯართის გადადნობა შედის, ხოლო შემდგომ მისი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, სამშენებლო არმატურის სახით ხდება. ამჟამად პროდუქციის გამომუშავება შემცირებულია, რათა გამონაბოლქვი შემცირდეს, ამის გამო კი კომპანიას გაყიდვების 15%-იანი დანაკარგი აქვს.

“ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის” კორპორატიულ საქმეთა მენეჯერი ასევე აღნიშნავს, რომ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ კომპანია ამ ეტაპზე 45 000 ლარითაა დაჯარიმებული.

“გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ ქარხანაში ინსპექტირება 3-ჯერ განხორციელდა, სწორედ გაუმართავი სავენტილაციო სისტემების გამო, კომპანიამ სასამართლო დაახლოებით ორი კვირის წინ წააგო და სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ 10 კალენდარულ თვეში ამ ჯარიმის გადახდაც მოგვიწევს", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, “ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას” 2008 წლიდან 2009 წლამდე შპს “ევრაზია სტილსი” მართავდა, 2009 წლიდან 2019 წლამდე ქარხანა აღარ ფუნქციონირებდა. ის 2019 წელს ახალმა მმართველმა ინდურმა კომპანია შპს “ამბიკონ სტილსმა” გახსნა. 2019 წლიდან ქარხანამ მუშაობა 100%-იანის ნაცვლად, 25%-იანი წარმადობით დაიწყო. ამჟამად ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში 300-მდე ადგილობრივია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასის ოდენობა კი 1000-დან 1200-ლარამდეა.

კომპანიის კორპორატიულ საქმეთა მენეჯერის თქმით, “ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა” საქართველოს ბიუჯეტში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. 2020 წელს კომპანიამ ბიუჯეტში 4 მლნ ლარი შეიტანა, ხოლო 2021 წელს 5 მლნ ლარი. 2020 წელს ხელფასებზე გაცემული ჯამური თანხა 3.5 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს 4 მლნ ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ წლიდან წლამდე ხელფასის მატება 18%-ით მოხდა.