მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველი "IDS ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციას მიმართავს

62a1decb4cc33
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.22 16:10
1050
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს 400-მდე თანამშრომელი მე-10 დღეა გაფიცულია. "მიზეზი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებების პირობების ცვლილება და დასაქმებულთა დისკრიმინაციაა" - ასე აცხადებენ თავად დასაქმებულები. დღეს გაფიცულებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა და მათ პოზიციებს ერთი საათის განმავლობაში ისმენდა. შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის თანადგომას უცხადებს დასაქმებულებს და მათი დისკრედიტაციის შესაძლო შემთხვევებზე მოკვლევას დაიწყებს.

„მიუხედავად იმისა რომ, ერთი შეხედვით დასაქმებულებს დამსაქმებელთან აქვთ პრობლემა, თითქოს ეს კერძო სამართლებრივი პრობლემა უნდა იყოს. მაგრამ ეს პრობლემა მასშტაბურია, რამდენადაც საქმე 400-მდე თანამშრომელს ეხება, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ეს სახელმწიფოს პრობლემაა და სწორედ სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით მედიაციის პროცესით უნდა გადაიჭრას საკითხი.

დღეს გავესაუბრე ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ კონტრაქტები, რომლის საფუძველზე გამოიტანეს სესხები და დღეს სრულიად უსახსროდ დარჩნენ. ისინი თვლიან, რომ საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა სახლ-კარის გარეშე დარჩნენ.

მათგან ისეთი მაგალითები მოვისმინე, რომელიც დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. კომპანია დასაქმებულებს შრომით ანაზღაურებას არ უხდის, ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა როლი აქვთ მათ ამ გაფიცვის პროცესში. დასაქმებულები საუბრობენ ზეწოლის და დაშინების ფაქტებზეც.

ჩემი მანდატის ფარგლებში მე მათ თანადგომა გამოვუცხადე და ვეცდებით მაქსიმალურად სწრაფად შევისწავლოთ ეს საკითხი“- განაცხადა ლომჯარიმ.

მისივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა კომპანიას კითხვებით უკვე მიმართა, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ნინო ლომჯარია კანონის ფარგლებში კომპანიის მხრიდან კომუნიკაციაზე გამოსვლას ითხოვს.

„საკითხის შესწავლის ფარგლებში ჩვენ მეორე მხარესთან კომუნიკაცია გვევალება. ინფორმაცია გამოთხოვილი გვაქვს და საჯაროდ მოვუწოდებ კომპანიას, რომ კანონით დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს და სახალხო დამცველის კითხვებს უპასუხოს. ჩვენ მზად ვართ და ვალდებულები ვართ, მათი პოზიციები მივიღოთ. თუ საჭირო იქნება, ჩვენი წარმომადგენლები კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზად არიან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის: კომპანია "ბორჯომის" მხრიდან წარმოების გაჩერების შესახებ აპრილში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო უთანხმოება წარმოიშვა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 27 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა 4 ძირითადი მოთხოვნით საპროტესტო აქციები წამოიწყეს.

„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
2. ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
3. 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
4. იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.