მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ სკოლებისთვის 283 800 ლარად 1.5 მლნ-ზე მეტი პირბადე შეიძინა - ვინ მოამარაგებს სკოლებს?

5f48ae0dcc9aa
ინგა მურუსიძე
27.08.20 19:35
1703
საქართველოს მასშტაბით სკოლებში პირბადეების დარიგება დაიწყო. მილიონ ნახევარზე მეტი პირბადე სახელმწიფომ უკვე შეისყიდა.  კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ივლისში გამოაცხადა; წინადადებების მიღება 2-3 აგვისტოს მიმდინარეობდა და 10 აგვისტოს გამარჯვებულიც გამოვლინდა.

როგორც სატენდერო პირობებით და გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ირკვევა, ტენდერში ორი კომპანია: შპს „weekend” და შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ მონაწილეობდნენ და სწორედ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა.

ამავე სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელმა 1,585,480.00 პირბადე, 283 800 ლარად უნდა დაამზადოს. თითოეული პირბადის შესასყიდი ფასი 18 თეთრამდეა და პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 7 სექტემბრისა.  სიაში სულ 2400-მდე სკოლა და 50-მდე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრია. 

შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსში“ ამბობენ, რომ სკოლებში პირბადეების დარიგება მომავალ კვირაში დასრულდება.

კომპანიის მენეჯერის სოსო მეგრელიძის თქმით, მათ მიერ დამზადებულ პირბადეებს 99%-იანი დაცვა ექნება და ხარისხით სამედიცინო პირბადე შეიძლება ეწოდოს.

„პირბადეში ყველაზე მნიშვნელოვანი არის შუა შრე, Melt Blown, რომელიც არის მთავარი კომპონენტი პირბადეში და მისი მაღალი ხარისხი არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ აღნიშნული ფილტრი გვაქვს უმაღლესი ხარისხის და ის უზრუნველოფს ვირუსისგან უმაღლეს დაცვას. სკოლების მომარაგება პირბადეებით დაწყებულია და მაქსიმუმ მომდევნო კვირის შუა რიცხვებამდე ყველა სკოლაში დარიგდება. რაც შეეხება პირბადეების რაოდენობას, ტენდერით გათვალისწინებული მილიონ 600 ათასი პირბადე უნდა დავამზადოთ“, - განაცხადა მეგრელიძემ.

მისივე განმარტებით, „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მიერ დამზადებული პირბადეები ერთჯერადია და მომხმარებელმა სამ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს. პირბადეს აქვს როგორც ლუგარის ლაბორატორიის სტანდარტი, ისე სერტიფიკატები ევროპის უმაღლესი კვლევითი ლაბორატორიებიდან.

ცნობისთვის: პირბადეების მწარმოებელი შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ მაისში დაარსდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1.8 მლნ ლარია.