მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზ.ტრანსპორტის, მოლების, რესტორნების, სასტუმროების გახსნის განახლებული გრაფიკი

5ece192c879dd
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.20 11:50
2293
დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის განახლებული კალენდარი წარადგინა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან ამუშავდება. ასევე, განახლდა მოლების, რესტორნების და სხვა ობიექტების ამუშავების გრაფიკიც.  

● 29 მაისი - აღდგება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსები, ე.წ. "ყვითელი მიკროავტობუსები"; 

● 1 ივისი - გაიხსნება მოლები, ყველა კატეგორიის მაღაზია, ღია სივრცის რესტორნები.

● 8 ივნისი - გაიხსნება რესტორნები და სასტუმროები.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა აუცილებელია ელემენტარული წესების და რეკომენდაციების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების გავრცელების რისკი.

„ეს ნაბიჯები, პირველ რიგში, მიღებულია ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა, ამ ნაბიჯის შემდგომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის პირბადეების ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ატაროს პირბადე. ამ გადაწყვეტილებებს უფრო დეტალურად ნორმებით, კონკრეტული ვალდებულებებით დღესვე, უახლოეს პერიოდში გამცნობთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ტესტირების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშრებით. ოქროს სტანდარტის PCR ტესტებზეა საუბარი. დღეს ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ უახლოეს თვეებში და მეორე ტალღის მოლოდინში შემოდგომამდე, როგორ იმუშავებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კონტროლს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნაბიჯები მიღებულია იმ საუკეთესო და აუცილებელი ინტერესის გათვალისწინებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიც გახლავთ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნა, ხოლო 1-ლი ივლისიდან გარე ტურიზმის გახსნა. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის, მაგრამ აქ სრულად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა არის საერთო - მთავრობა, ბიზნესი, ჩვენი მოქალაქეები და როგორც აქამდე, ჩვენ ერთობლივად, მოქალაქეობრივი შეგრძნების უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ვირუსთან ორივე ფრონტზე - როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ეკონომიკური განვითარების,“ - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ: კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან კი ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა, მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.