"ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ ფულის მასის სხვადასხვა აგრეგატებსა და გაცვლით კურსს შორის კავშირზე. ამ საკითხზე ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ გააკეთა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოში, ისევე, როგორც განვითარებული მონეტარული პოლიტიკის მქონე ყველა სხვა ქვეყანაში, ფულის მიწოდება ხდება ავტომატურად ფულზე მოთხოვნის მიხედვით. ვინაიდან ეკონომიკის ზრდასთან ერთად დროთა განმავლობაში ფულზე მოთხოვნაც შესაბამისად იზრდება, ფულის აგრეგატების ზრდაც მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდას, და არა ეკონომიკისთვის ფულის ჭარბ მიწოდებას ასახავს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ყველა ცენტრალური ბანკი (მათ შორის სებ-იც), ოპერაციულ მიზნად იყენებს საპროცენტო განაკვეთს. სწორედ საპროცენტო განაკვეთის, და არა ფულადი აგრეგატების, ცვლილება აწვდის ბაზარს ინფორმაციას იმის შესახებ, გამკაცრდა, შერბილდა თუ უცვლელი დარჩა მონეტარული პოლიტიკა. რაც შეეხება სახელდობრ ფულადი აგრეგატების ცვლილებას, ის მხოლოდ ფულზე მოთხოვნის ზრდასა ან შემცირებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსაზრებები, თითქოს ფულადი აგრეგატების ზრდა იწვევს ინფლაციას და/ან ლარის გაუფასურებას, მცდარია.
გარდა ამისა, სტატისტიკის საწყისს წარმოადგენს ის, რომ კორელაცია არ გულისხმობს მიზეზ-შედეგობრიობას. მაღალი კორელაციის დროს შეიძლება პირველი მწკრივი ახდენდეს გავლენას მეორეზე, ან პირიქით მეორე პირველზე, ან იყოს მესამე მწკრივი, რომელიც ორივეს განსაზღვრავს, ან ამ ორ მწკრივ შორის რაიმე კავშირი საერთოდ არ იყოს. ამიტომ, მიზეზ-შედეგობრიობის სტატისტიკური კავშირის დასადგენად დამატებითი ანალიზისა და კვლევის ჩატარებაა საჭირო.
აქედან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ მოსახლეობას, რომ ინფლაციის თარგეთირების პირობებში ფულის მასა არ არის და ვერ იქნება მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობის ინდიკატორი და ფულის მასაზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გაკეთება ინფლაციის ან გაცვლითი კურსის მომავალი დინამიკის შესახებ მხოლოდ მცდარ შედეგს მოგვცემს,"- ნათქვამია სებ-ის განმარტებაში.