მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგი გვარჯალაძის ყოველთვიური ანაზღაურება 5200 ლარია - რას ამბობს ღამის ეკონომიკის მენეჯერი?

5d3f161a44692
სალომე მეცხვარიშვილი
29.07.19 22:10
21900
თითქმის წელიწადნახევარია გასული მას შემდეგ, რაც დედაქალაქს ღამის ეკონომიკის გაქტიურება აქვს დაანონსებული და სპეციალურად ამ პროგრამისთვის მენეჯერსაც ქირაობს. სერგი გვარჯალაძე თბილისის მერმა ამ თანამდებობაზე 2018 წლის მარტში წარადგინა.

BM.GE-ის მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ღამის ეკონომიკის პოლიტიკის ფარგლებში დასაქმებულია სულ 5 ადამიანი, აქედან ერთი თავად სერგი გვარჯალაძეა, დანარჩენი 4 კი, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები არიან.

საჯარო ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ 2018 წლის განმავლობაში სულ 4 ადამიანი იყო დასაქმებული და მათთვის გადახდილი ანაზღაურება ჯამში შეადგენდა 67 ათას 916 ლარს.

თუმცა, აქედან უდიდესი ნაწილი - 51 ათას ლარზე მეტი - ერთი პირის ანგარიშზეა გადარიცხული, რომელიც სწორედ სერგი გვარჯალაძეა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება კი, 5200 ლარია.

რაც შეეხება 2019 წელს, მიმდინარე წლიდან პროექტს უკვე 5 თანამშრომელი ჰყავს და მათი შრომის ანაზღაურებაზე ჯამურად დახარჯულია: 66 750 ლარი, აქედან 31 200 სერგი გვარჯალაძის ანაზღაურებაა.



თავად სერგი გვარჯალაძე მის ანაზღაურებას ხარჯეფექტურად აფასებს და ამბობს, რომ სამაგიეროდ, რამდენიმე პროექტი ჩატარდა ბიზნესისა და სხვა პარტნიორების დაფინანსებით, რაც სწორედ ღამის ეკონომიკის პოლიტიკის მენეჯმენტის დამსახურებაა და რითიც ბიუჯეტმა საკმაოდ დიდი თანხა დაზოგა.

“ცხოვრებაში არასოდეს არ მქონია გამოცდილება იმისა, რომ ამეხსნა რატომ იხარჯება კონკრეტული თანხა ჩემს ხელფასზე, მაგრამ მოდი, მაინც ვცადოთ.

მარტივი მათემატიკით რომ შევადაროთ, ჩვენ წლის მანძილზე რამდენიმე ღონისძიება ჩავატარეთ, რომელშიც შევძელით მოგვეძიებინა არაბიუჯეტური თანხები და რომელიც აღემატება ჩემს ჰონორარს რამდენჯერმე: ეს იქნება საერთაშორისო ფორუმი, ფესტივალი თუ სხვა, სადაც ბიუჯეტიდან ფაქტობრივადვ კაპიკი არ დახარჯულა.

ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ასეთი პარტნიორობით ჩვენ ბევრი სხვა რამის გაკეთება შეგვიძლია. საერთოდ არ დაგვიხარჯია თანხები მაგალითად მედიაზე. ჩვენ არ გვაქვს განთავსებული რგოლები. ეს ხდება მხოლოდ პარტნიორობის და მეგობრობის მეშვეობით. სხვადასხვა შემთხვევაში გვაქვს გარკვეული შეთანხმებები თანამშროლობის, მაგალითად გაშუქებასთან დაკავშირებით.

ასე, რომ ეს შეფარდება ვფიქრობ, ლოგიკურია. თუ ეს შეფარდება არ იქნება ლოგიკური და გამართლებული, ასეთ ერთეულს მერიაში მნიშვნელობა აღარ ექნება.

პირიქით, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი თანხები უნდა დაიხარჯოს ამაში და ამას ვითხოვთ ყოველდღე იმიტომ, რომ უფრო სწრაფები და ეფექტურები გავხდებით და ეს ეკონომიკას დაეტყობა. აქ არ აქვს მნიშვნელობა სერგი გვარჯალაძე იქნება თუ - სხვა”,- აცხადებს სერგი გვარჯალაძე.

თავად მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში ჩატარებულია რამდენიმე ღონისძიება, რომელთაგანაც საბიუჯეტო თანხა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დახარჯული.




გამოდის, რომ ჯერჯერობით ღამის ეკონომიკის პოლიტიკის ფარგლებში თანხა ძირითადად შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება, დანარჩენი ღონისძიებები კი, პარტნიორების მეშვეობით ტარდება.