მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა პაპუაშვილი: "ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში"

638db451f2e84
BM.GE
05.12.22 13:11
514
"ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის შემდეგ, ჩვენ გვექნება შეხვედრები ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტს ჰოლანდიასა და ლუქსემბურგში აგრძელებს.

მისივე თქმით, ვიზიტების მთავარი მიზანია პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს წინსვლაზე საუბარი, - "ახსნა, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენთვის იმედგაცრუება იყო, როდესაც ივნისში სტატუსის მონიჭება არ მოხდა. აქ უკვე არის თანხმობა, რომ ეს არ იყო მართებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს ჩვენი პარტნიორებისგან". 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი. მისივე თქმით, არსებობს საერთო პოზიცია, რომ ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არასწორად იქნა მიღებული და მასპინძელი ქვეყნები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერას გამოხატავენ.

"ნიდერლანდებში გვექნება შეხვედრები პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებთან, ასევე ევროჯასტის პრეზიდენტთან. გვექნება საჯარო დისკუსია, დისკუსიები პოლიტოლოგებთან ერთად.

ჩვენ, საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს.

რამდენიმე კანონი უკვე მიღებულია. წლის ბოლომდე კიდევ გვექნება შესაძლებლობა რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები მივიღოთ. შემდეგ უკვე ჯერი ევროკავშირზე იქნება, რომ მოახდინოს სამართლიანი შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.