მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემაჯამებელი სტატუსი მითიდან - "საქართველო აგრარული ქვეყანაა"

5daefea14a972
გია ჩქოფოია
23.10.19 10:15
8038
1. არის თუ არა საქართველოს აგრო სექტორი პროდუქტიული ეკონომიკური თვალსაზრისით? - არა. რატომ?

• Work force Productivity (სამუშაო ძალის პროდუქტიულობა) საშუალო დასაქმებული ამ სექტორში ქმნის 3.5 ათასი ლარის დოვლათს წელიწადში და ამ მაჩვენებლით, ის 18-ჯერ ჩამოუვარდება მრეწველობის სექტორს, ხოლო 7-ჯერ ვაჭრობა/მომსახურების სექტორს;

• 2012-2017 წლებში ბიუჯეტიდან 1.2 მილიარდი ლარი ჩაისხა ამ სექტორში. ინვესტიციით გამოწვეულმა, ზღვრულმა დოვლათმა შეადგინა 0.7 მილიარდი ლარი - ანუ ვიზარალეთ 500 მილიონი. (წყარო - www.geostat.ge )

2. არის თუ არა საქართველოს აგრო სექტორი ეფექტიანი ადამიანური რესურსების განაწილების თვალსაზრისით? - არა. რატომ?

• Work force Efficiency (სამუშაო ძალის ეფექტიანობა) - აგრო სექტორში, რომლის წილი ეკონომიკაში შეადგენს 8%-ს (სულ 2.6 მილიარდი ლარი), კონცენტრირებულია დასაქმებულთა 43% ანუ ეფექტიანობა შეადგენს 0.2-ს. ილუსტრაციისთვის: ისრაელი იგივე დოვლათს აწარმოებს თითქმის ნახევარი ფართობის მიწაზე 17-ჯერ ნაკლები ადამიანური რესურსით.

3. შესაძლებელია საქართველო გახდეს აგრარული ქვეყანა და ამით ქვეყნის მოსახლეობა გამდიდრდეს? - პასუხი აქაც არის არა. რატომ?

• საქართველოს ეკონომიკის პირობებში Output per Hectare (ჰექტარზე შექმნილი დოვლათი წელიწადში) არის 3.3 ათას ლარამდე;
• ესპანეთის სცენარი - ჰექტარზე დოვლათი ჩვენსაზე მეტია 30%-ით. თუ „ესპანელები“ გავხდებით, აგროსექტორიდან მიღებული პროდუქტის ღირებულება გაიზრდება მხოლოდ 700 მილიონით წელიწადში, ერთჯერადად. რაც, ასევე ერთჯერადად, 2.2%-ით გაზრდის მთლიან ეკონომიკას.  (წყარო - ესპანეთის ნაციონალური სტატისტიკის ინსტიტუტი - https://www.ine.es  )
• ისრაელის სცენარი - ჰექტარზე დოვლათი ჩვენსაზე მეტია 64%-ით; თუ ამ ზღაპრული სცენარით განვავითარებთ ჩვენ აგრო სექტორს, ვნახავთ, რომ ეს გამოიწვევს დოვლათის მხოლოდ 1.6 მილიარდით ზრდას, რაც მთლიანი ეკონომიკის 5%-იან ზრდას გამოიწვევს ერთჯერადად.  (წყარო - ისრაელის სტატისტიკის ბიურო - https://www.cbs.gov.il  )  ანუ, არც ერთ სცენარში, მოსალოდნელი უკუგება ვერაფერი ბედენაა და ამით მოსახლეობა არათუ ვერ გამდიდრდება, ვერც კი იგრძნობს სხვაობას. 

4. და საერთოდაც, მიწაც რომ ბევრი გვქონდეს (ნიკოფსიიდან ვიდრე დარუბანდამდე), ადამიანური რესურსიც და ეფექტიანობაც მაღალი, არის თუ არა სახარბიელო აგრარულ ქვეყნად ყოფნა? - თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ ზღაპრულ სცენარშიც კი, არაფერი ხეირი არ ყრია აგრარულ ქვეყნობაში. არაფერი...არაფერი...არაფერი...  რატომ?

• მსოფლიო ეკონომიკის, ანუ დედამიწის მთლიანი დოვლათის მხოლოდ 6.4 % მოდის აგროსექტორზე. ე.ი. სიმდიდრის 93.6% ჰქმნის არა აგრარული სექტორი.
• ჩარტზე მარცხნივ, ასახულია აგროდასაქმებულთა პროცენტული განაწილება შესაბამისი ბიჯებით. ხოლო მარჯვნივ, ამავე პროცენტებით აგროდასაქმებულთა ქვეყნების საშუალო შეწონილი მშპ ერთ სულ მოსახლეზე. ადვილი შესამჩნევია, რომ რაც მეტია აგროდასაქმება, მით უფრო ღარიბია ქვეყნის მოსახლეობა და პირიქით, რაც უფრო ნაკლებია აგროდასაქმება, მით უფრო მდიდარია ქვეყნის მოსახლეობა. (წყარო - https://www.indexmundi.com )



უნდა გვესმოდეს, რომ მითებით აზროვნებას - თითქოს საქართველო აგრარული ქვეყანაა, მთავრობას ვუბიძგებთ პოპულისტური და მავნებლური ინიციატივებისკენ, რომელიც საბოლოო ანგარიშით განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფული უაპელაციოდ, სრულიად არაეფექტიანად ჩაასხან ამ სფეროში და ამით, არამარტო შეაფერხონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, არამედ გაუშვან გამრუდებული სიგნალები ეკონსისტემაში და შედეგად, კონკრეტული ადამიანები გაწირონ წამგებიანი გადაწყვეტილებებისთვის.


▪თუ საკუთარ ფულს ხარჯავთ საკუთარ თავზე, მაშინ თქვენ დარდობთ არა მხოლოდ დახარჯული ფულის ეფექტიანობაზე, არამედ ოდენობაზეც;
▪თუ საკუთარ ფულს ხარჯავთ სხვაზე, მაშინ თქვენ დარდობთ დახარჯული ფულის ოდენობაზე, მაგრამ არა ეფექტიანობაზე; 
▪თუ სხვის ფულს ხარჯავთ საკუთარ თავზე, მაშინ თქვენ დარდობთ დახარჯული ფულის ეფექტიანობაზე, მაგრამ არა ოდენობაზე; 
▪თუ სხვის ფულს ხარჯავთ სხვაზე, მაშინ თქვენ არ დარდობთ არც დახარჯული ფულის ეფექტიანობაზე და მით უფრო არც ოდენობაზე (მთავრობა)“ - მილტონ ფრიდმანი


თუ ვინმეა დამნაშავე ამ წუმპეში ყოფნისთვის, უპირველესად ვართ ჩვენ -  ამომრჩევლები, რომლებიც მსგავს არარაციონალურ სიგნალებს ვაგზავნით პოლიტიკურ ველზე და ამით ვწირავთ ათი ათასობით ადამიანს სიღარიბისთვის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები