10.მარტი .2021 19:05

შემოსავალი ბიუჯეტში შევა - რა გარიგება იდება „თბილისის მიკროავტობუსსა“ და მერიას შორის?

შემოსავალი ბიუჯეტში შევა - რა გარიგება იდება „თბილისის მიკროავტობუსსა“ და მერიას შორის?
views 836
უკან

თბილისის მერიასა და შპს „თბილისის მიკროავტობუსს“ შორის ახალი ხელშეკრულება ფორმდება, რომლის თანახმად, 2031 წლის ჩათვლით ანუ სანებართვო ვადის ბოლომდე დედაქალაქის მთავრობა კომპანიას გარკვეულ ანაზღაურებას გადაუხდის. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე მგზავრების გადაყვანით მიღებულ შემოსავალს „თბილისის მიკროავტობუსი“ იღებდა, მომავალში თანხა პირდაპირ თბილისის მერიის ბიუჯეტში შევა.

ახალი ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა, ამიტომ რა თანხას გადაუხდის წლიურად მერია კომპანიას, ცნობილი არაა.

თბილისის მერიასა და შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ განახლებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, უპასუხო კიდევ არაერთი კითხვაა, მათ შორის მგზავრობის ახალ 50-თეთრიან ტარიფზეც, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება და „ლურჯი მიკროავტობუსით“ მგზავრობის საფასური, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსად, 80-დან 50 თეთრამდე შემცირდება.

საქმე იმაშია, რომ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „ლურჯი მიკროავტობუსები“ სამგზავრო ტარიფის ინტეგრირებული სისტემის ნაწილი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრს შესაძლებლობა ექნება, მეტროთი, ავტობუსით ან ახალი „ლურჯი მიკროავტობუსით“ მგზავრობისას ერთიანი სისტემით გადაიხადოს და ერთი გადახდით საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს.

სიახლეებს შორისაა ისიც, რომ 2022 წლიდან თბილისში „ყვითელი მიკროავტობუსები“ საერთოდ აღარ ივლიან და მათ სრულად 1000 „ლურჯი მიკროავტობუსი“ ჩაანაცვლებს. დედაქალაქის მთავრობის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ახალი მიკროავტობუსების რაოდენობა 700-ით გაიზრდება, საიდანაც 400 ერთეულს შპს „თბილსის მიკროავტობუსი“ იყიდის, ხოლო 300 ერთეულს კი - თბილისის მერია. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ ქალაქში მოძრავ 300 „ლურჯ მიკროავტობუსს“, რომელიც თბილისის მერიამ შარშან შეიძინა, კომპანია მიმდინარე წლის ივნისში გამოისყიდის და როგორც კახა კალაძე ირწმუნება, მერია სწორედ აღნიშნული თანხით შეიძენს 300 ახალ მიკროავტობუსს.

შეგახსენებთ, კახი კალაძემ ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გააკრიტიკა ე.წ. "ყვითელი მარშუტკები" და თქვა, რომ მათი დიდი ნაწილი ამორტიზებულია, ზოგიერთი კი, საერთოდ - “ძირგავარდნილი”. ამიტომ დედაქალაქის მერი ავტოპარკის განახლებას კომპანიისგან აქტიურად ითხოვდა, თუმცა სანაცვლოდ “თბილისის მიკროავტობუსმა” მგზავრობის საფასურის ზრდა მოითხოვა. კომპანიის ხელმძღვანელი კი, აცხადებდა, რომ სხვა შემთხვევაში ისინი ახალი მიკროავტობუსების შეძენას ვერ შეძლებდნენ, ვინაიდან კომპანია ზარალზე მუშაობდა.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ბუნებრივია, სიახლეებმა არაერთი კითხვა გააჩინა. კერძოდ, იმ ფონზე, როცა შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ ავტოპარკის განახლების საპირწონედ ტარიფის გაზრდას მოითხოვდა და ღრმა ფინანსურ კრიზისზე საუბრობდა, როგორ ახერხებს ის, დაახლოებით, 30 მლნ ლარის ღირებულების 300 მიკროავტობუსის გამოსყიდვას და წლის ბოლომდე კიდევ 400 „ლურჯი მიკროავტობუსის“ შეძენას, ასევე, როგორ დაითანხმეს კერძო კომპანია, რომ მგზავრობის საფასური 50-თეთრამდე შეემცირებინა და ა.შ.

თბილისის მერიაში ყველა კითხვაზე კონკრეტული პასუხი, ჯერჯერობით, არ აქვთ. ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ირწმუნება, რომ „მერიამ ხარჯების ოპტიმიზაცია მოახდინა, ფინანსური რესურსი გამონახა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო“, მაგრამ არ აზუსტებს, რის ხარჯზე იპოვა მერიამ თავისუფალი რესურსი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცნობია, ჯამში, აღნიშნული ცვლილება დედაქალაქის ბიუჯეტს უფრო იაფი დაუჯდება თუ - პირიქით.

უპასუხო კითხვებს პასუხები, სავარაუდოდ, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაეცემა. იქამდე კი, თბილისის ვიცე-მერი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.

„კომპანიის შემოსავალი დამოკიდებული იქნება არა მგზავრობის ტარიფის ოდენობაზე, არამედ 2031 წლამდე, ნებართვის ვადის ბოლომდე ანუ მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულ კომპანიას ანაზღაურებას ჩვენ გადავუხდით; მგზავრის მიერ გადახდილი საფასური შემოვა მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. ჩვენ „თბილისის მიკროავტობუსთან“ ვაწარმოეთ მოლაპარაკება და უკვე ბოლოში გასული; უნდა მოვიზიდოთ 90 მლნ ლარის საბანკო სესხი. ასევე, კომპანია გარკვეულწილად თავისი რესურსებით და უმეტესად საბანკო რესურსებით მოახდენს იმ 300 ერთეულის გამოსყიდვას, რომელიც შარშან ჩვენ შევისყიდეთ და წელს ასევე შეიძენს 400 მიკროავტობუსს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება შპს „თბილისის მიკროავტობუსში“ დასაქმებული მძღოლების მომავალს, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მიკროავტობუსების რაოდენობა, დაახლოებით, 1500-დან 1000-მდე მცირდება, მძღოლების  სამსახურიდან გაშვება არ იგეგმება.

„ეს ადამიანები სურვილის შემთხვევაში გადმოინაცვლებენ მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ამის შესაძლებლობა ექნებათ. არ ვამცირებთ მძღოლების რაოდენობას, პირიქით, მათი საჭიროება იზრდება ავტობუსების ხარჯზე“, - განმარტა ირაკლი ხმალაძემ.

bm.ge გარკვეულ კითხვებზე პასუხს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსისგანაც" ელის და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა