მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესყიდვების სააგენტო დავების საბჭოს ყოფილი წევრის ბრალდებებს პასუხობს

5a4243b382d80
BM.GE
26.12.17 16:41
1007
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დავების განხილვის საბჭოს წევრის მამუკა ტუსკაძის მიერ მედიაში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.

მამუკა ტუსკაძემ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო დატოვა. მან მთავარ მიზეზად ამ ორგანოს უფუნქციობა დაასახელა. მისი თქმით, 11 თვის მანძილზე ერთი საქმე არ ახსოვს, რომელიც პროკურატურაში ან შესაბამის უწყებაში გადაგზავნილიყოს.

"50 საჩივარია ბოლო 11 თვეში შეწყვეტილი. მომჩივანი ორგანიზაცია ჯერ აკეთებს საჩივარს და შემდეგ დავების განხილვის დღეს საჩივარი უკან გააქვს – ან ურიგდება შემსყიდველ ორგანიზაციას, ან ურიგდება მომწოდებელ ორგანიზაციას”,- აცხადებს ტუსკაძე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კი მის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს:

"2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში შემოსულია 1475 საჩივარი, რომელთაგან რამოდენიმე საჩივრის შემთხვევაში (რომელიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე დასახელებული ოდენობა) თავად მომჩივანმა ორგანიზაციამ უარი განაცხადა მის მიერ შემოტანილ საჩივარის განხილვაზე შემდეგი მიზეზით:

• მომჩივანს აღარ ჰქონდა საჩივრის განხილვის იურიდიული ინტერესი;

• აღარ არსებობდა დავის საგანი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავად გამოასწორა საჩივარში მითითებული ხარვეზი;

• რამდენიმე საჩივრის გაუქმების მიზეზი გახდა საბჭოში ორი იდენტური შინაარსის მქონე საჩივრის წარმოდგენა;

• ზოგიერთ საჩივარზე უარის თქმის საფუძველი გახდა შინაარსობრივად ხარვეზიანი საჩივარი.

აქვე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საჩივრის გახმობა არ ნიშნავს იმას, რომ მოცემულ ტენდერზე პრეტენდენტს აღარ შეუძლია საჩივრის წამოდგენა, რაც ადასტურებს იმას, რომ ზემოქმედების მოხდენა ერთ კონკრეტულ მომჩივანზე საჩივრის უკან გახმობის მიზნით შინაარსს მოკლებულია.

ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ამავე საბჭოს წევრი - მამუკა ტუსკაძე ხელს აწერს მხოლოდ 233 გადაწყვეტილებას. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ არც ერთ მათგანზე განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებია იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რაც აუცილებლად თან უნდა დაერთოს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საგულისხმოა ისიც, რომ საბჭოს კომპეტენცია განსაზღვრულია კანონით და მისი მიზანია მხოლოდ შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით დარღვეული უფლების დაცვა. თუმცა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის დავების განხილვის საბჭოს წევრს, აქვს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ ინფორმაცია შესასწავლად მიაწოდოს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ ორგანოს. გასათვალისწინებელია, რომ მამუკა ტუსკაძის მხრიდან ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია არასდროს.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პირადი განცხადება, თუმცა მამუკა ტუსკაძის განცხადება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ამ დრომდე არ შემოსულა.

ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემები (მათ შორის, როგორც შესყიდვის პროცედურებთან, ასევე საბჭოში შემოტანილ საჩივრებთან დაკავშირებული მონაცემები) საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შემდეგ ვებგვერდზებზე: http://www.procurement.gov.ge; https://tenders.procurement.gov.ge, https://tenders.procurement.gov.ge/dispute ,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები