უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვებთან დაკავშირებით მსჯელობა ყოველდღიურად მიმდინარეობს, რაც ეპიდვითარების ანალიზზეა დაფუძნებული.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, განიხილება თუ არა ტრანსპორტის აკრძალვა.
„აღნიშნულ მომენტში დამატებით შეზღუდვებზე საუბარი და განხილვა არ ყოფილა, თუმცა სამომავლოდ გამორიცხული არაფერი არ არის; ეპიდვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია დამატებითი ზომების გამკაცრება ან შემსუბუქება მოხდეს.
არის ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც გარკვეული სიტუაციებიდან გამომდინარე შეიძლება იქნას მიღებული - დაწყებული მობილობის შემცირებით, დამთავრებული სხვა პრევენციული ღონისძიებებით, რომელზეც ყოველდღიურად მიდის მუშაობა და ყველაფერი არის იმ ლოგიკიდან გამომდინარე, თუ რა ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაქვს ქვეყანაში“, - განაცხადა ღიბრაძემ.