მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა

5e09f38076162
BM.GE
30.12.19 16:51
1746
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე "საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია" დამტკიცდა. დოკუმენტში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, განსახორციელებელი სისტემური და სტრატეგიული რეფორმები და ღონისძიებებია გაწერილი.

სტრატეგია ასახავს კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს შრომისა და დასაქმების, შრომითი მიგრაციის, განათლების, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის და სამეწარმეო-ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

როგორც დოკუმენტშია გაწერილი, დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, მოხდება სამუშაო ძალაზე მოთხოვნის სტიმულირება, სამსახურის მაძიებელი პირის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერება, მიზნობრივი, სოციალური და ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკით შრომის ბაზარზე მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა.

"შემცირდება შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობა, ასევე შემცირდება არალეგალური შრომითი მიგრაციის მასშტაბები, განხორციელდება კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები.

შესაბამისი ინსტიტუციური განვითარების გზით, დაცული იქნება დასაქმებულთა შრომითი უფლებები და გაუმჯობესდება სამუშაო პირობები. თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის უზრუნველყოფა მოხდება, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე.

დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ადამიანური კაპიტალისა და პროდუქტიულობის განვითარებას, ასევე მუდმივი განათლების ხელშეწყობას, რაც სამუშაო ძალას დაეხმარება, დააკმაყოფილოს სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები და დარჩეს კონკურენტუნარიანი.

სტრატეგიის განხორციელების მიზნით იქმნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

ახალი მოდელის მიხედვით, ინდივიდუალურის გარდა, განხორციელდება ჯგუფური კარიერული კონსულტაცია. გაძლიერდება სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაინერგება პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა. განახლდება შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა. მოხდება შრომის კანონმდებლობის სრულყოფა ევროკავშირის და ILO-ის სტანდარტებთან", – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შრომის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას განახორციელებს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექცია.

ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობის და საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების მიზნით საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმდება შეთანხმებები და სხვ.