მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს: ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია, 2 ადამიანი იძებნება

6145e2730ed7c
BM.GE
18.09.21 16:53
2979
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია და უწყება ამჟამად ორ ადამიანს ეძებს. 

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.
სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები,"- ნათქვამია შსს-ს განცხადენაში.

ნიკოლოზ კვარაცხელიას bm.ge-ს მკითხველი იცნობს, ის Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში მოხვდა. ნიკო კვარაცხელიამ საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შექმნა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ინფორმაციას, შესაძლებელია არხების ყურება, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ.

ცნობისთვის, უშუალოდ Feedc-ი უკვე 250 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. Alexa.com-ის მონაცემებით, ის ვებზე ე.წ „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ყველა საიტთან (მათ შორის Facebook, Google) მიმართებაში, მე-20 ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები