22.ოქტომბერი .2020 14:34

სოციალური ინოვაციების პლატფორმა - შესაძლებლობები ახალგაზრდებისათვის

views 300
უკან

სოციალური ინოვაციების პლატფორმა წარმოადგენს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია სოციალური ცვლილებებისაკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიული ფონდი „ჰეკს-ეპერი.“

პროექტი ითვალისწინებს როგორც საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ასევე ამ მიმართულებით რესურსების განვითარებას. თუმცა, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური ინოვაციების კონკურსია. კონკურსის მიზანია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, თავიანთი ინიციატივების განხორციელებისა და განვითარების კუთხით. თავის მხრივ, აღნიშნული იდეები დაკავშირებული უნდა იყოს სოციალურ საკითხებთან, იყოს მდგრადი და გავლენა ჰქონდეს პრობლემების გადაჭრაზე.

პროექტის კომუნიკაციის მენეჯერის, ანა მენაღარიშვილის თქმით, კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და განაცხადების შეფასებაში ჩართული იქნება საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ჟიური.

„მიგვაჩნია რომ ეს პროექტი დაეხმარება ახალგაზრდებს ინოვაციური იდეების გენერირებაში და შემდგომ ამ იდეების განხორციელებაში. სოციალური ინოვაციების კონკურსი განსაკუთრებით აქტუალური დღეს, რადგან პანდემიასთან ერთად კიდევ უფრო გაღვივდა არსებული სოციალური პრობლემები. შესაბამისად, აუცილებელია მათი მოგვარების გზების გამონახვა. იმედი გვაქვს რომ საინტერესო იდეები შემოგვივა და მოვახერხებთ მათ განვითარებას და როგორც ადგილობრივი ასევე სისტემური პრობლემების მოგვარებას.“

სათემო ინიციატივების მხარდაჭერაზე საუბრობს ჟიურის ერთ-ერთი წევრი ანა მარგველაშვილი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი. „პანდემიასთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სათემო ჯგუფებისათვის კიდევ უფრო რთული გახდა პარტნიორებისა და მხარდამჭერების მობილიზება. შესაბამისად, ამ ტიპის ინიციატივები მათთვისაც საინტერესო უნდა იყოს. გარკვეულწილად, ეს საუკეთესო დროა ინოვაციური იდეების განვითარებისათვის რადგან ისეთ გლობალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც ყველას გვეხება და რომელიც არსებულ ლოკალურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს.“

ზოგადად, კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია განათლება, სიღარიბის დაძლევა, ადგილობრივი თემის გაძლიერება და გარემოსდაცვა. შესაბამისად, არ არის აუცილებელი პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემას ეხებოდეს წარმოდგენილი იდეა.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 15 დეკემბერი. რაც შეეხება გამარჯვებულებს, სულ გამოვლინდება 5 გამარჯვებული რომელთაც გადაეცემათ 10,000 ევრო იდეის განსახორციელებლად. გარდა ამისა, გამარჯვებულ გუნდებს ერთი წლის მანძილზე გაეწევათ მენტორული და მედია მხარდაჭერა.

მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-პორტალზე www.socialinnovation.ge  

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა