მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სრულად აცრილი ტურისტებისგან საქართველოში ტესტირება უნდა მოვითხოვოთ“ - ჯანდაცვის მინისტრი

60d997a9ceccc
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.21 13:33
780
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმისთვის რომ საქართველოში გაყალბებული აცრების დოკუმენტებით ტურისტების შემოსვლა და ვირუსის გავცელების საფრთხე შემცირდეს, შესაძლოა სრულად აცრილ ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, PCR ტესტირების გავლა მოუწიოთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს და საქართველო პირველი ქვეყანა არ იქნება.

„დაცვა უნდა იყოს ორმაგი, რაც გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანია მოვითხოვოთ ტურისტებისგან საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი გარანტი გვაქვს იმაზე, რომ გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ტურისტების გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ტესტირების ცენტრები ფართოდაა გაშლილი, აქედან გამოდინარე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ჩვენ ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება მნიშვნელოვანია და სხვა უწყებების ჩართულობით მნიშვნელოვანი კონტროლი მოხდეს.

ჯანდაცვის სამინისტრო თვლის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტურისტი, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად, დამატებით საქართველოშიც გაიტესტოს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეგულაცია, ეს პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიცაა. ეს უნდა იყოს რეგულაცია და არა რეკომენდაცია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ ტურისტული კომპანიების მიერ ტურისტების ვაქცინაციის გაყალბებული საბუთების შემოყვანის კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია არ აქვს.

ცნობისთვის: კოვიდვაქცინაციით საქართველოში შემოსვლა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია, რისთვისაც:
საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს;
საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარმოადგინოს. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.

წესი ვრცელდება ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირზე (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირებზე, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით).

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ, ან რუსულ ენაზე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები