მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ ჟვანია: არჩევნები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი მონაცემებია

5fa064bda444d
თამთა ჯიჯავაძე
02.11.20 23:56
5130
„არჩევნები არ დასრულებულა. ახლა მიმდინარეობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და პირველ რიგში საოლქო საარჩევნო კომისიებში“, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ცესკოს ჯერ მხოლოდ წინასწარი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომელიც რაღაც სურათს იძლევა, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური მონაცემები.

რაც შეეხება არასწორად შევსებულ ოქმებს, ჟვანიამ განაცხადა, რომ ეს არ არის ახალი და მსგავსი შეცდომები ხდება ყველა არჩევნებზე.

„ეს არ ხდება პირველად არჩევნებზე, შეიძლება იყოს ტექნიკური, მექანიკური შეცდომა, ან არის ხოლმე, როდესაც ოქმს არასწორად ავსებენ“, – განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით, მედიით და სოციალური ქსელით ოქმების გავრცელებას აქვს არასწორი კამპანიური ხასიათი, – „მათთან ერთად არ ტრიალებს შესწორების ოქმები, რომლებიც არის ამ ოქმების სამართლებრივად შემადგენელი ნაწილი“, – დასძინა მან.

„დღეს მიმდინარეობს ამ ოქმების რევიზია, შესწორების ოქმების შეყვანაც და უფრო მეტიც, საჩივრები იქნება განხილული ამ საკითხებთან დაკავშირებით და ნებისმიერი პოლიტიკოსი, რასაც დააფიქსირებს სამართლებრივი გზით, იქნება მასზე რეაგირება“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, თამარ ჟვანიას თქმით, ყველა ოქმი დევს ცესკოს საიტზე და ყველას შეუძლია დათვალოს.

ცნობისთვის, არჩევნების შემდეგ სოციალური ქსელით არაერთი არასწორად შევსებული ოქმი გავრცელდა.