მსოფლიოში თამბაქოს რიგით მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელი Imperial Tobacco საქართველოში წარმომადგენლობას ხურავს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ კავკასიაში Imperial Tobacco-ს ყოფილმა კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანულმა კომპანიამ გაზაფხულზე მიიღო. ნადარეიშვილის განცხადებით, წარმომადგენლობები იხურება სომხეთშსა და მოლდოვაშიც.
მიზეზი Imperial Tobacco-ს ახალი სტრატეგიაა, რომელიც მას მცირე ბაზრებთან დაკავშირებით აქვს. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ახალი სტრატეგიის მიხედვით, Imperial Tobacco-ს მცირე ბაზრებზე ოპერირება წარმომადგენლობების გარეშე სურს.
Imperial Tobacco-ს ყოფილი კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად ქართულ ბაზარზე ინვესტიციების შემოსვლაც შემცირდა, რადგანაც საერთაშორისო კომპანია რეკლამაში დიდ თანხებს აღარ დებს.
„მნიშვნელოვანი ინვესტიციების შემოსვლაც ბაზარზე შემცირდა, რადგან პრომოუშენისთვის, რეკლამისთვის, სხვადასხვა ღონისძიებისთვის რაც იყო გამოყოფილი, იმის მეოთხედიც არ არის დარჩენილი“,- აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.
Imperial Tobacco-ს საქართველოში შემოაქვს ისეთი ბრენდები როგორებიცაა Davidoff და Gauloises Blondes. რომელი კომპანია განახორციელებს საქართველოში აღნიშნული კომპანიის დისტრიბუციას ჯერ-ჯერობით უცნობია.

























