მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თანხები უკან ექნებათ დასაბრუნებელი” - ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებს აფრთხილებს

633adb7db6bf8
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.22 16:52
1056
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკებს შეიძლება COVID-19-ის პანდემიის დროს არამართლზომიერად განკარგული თანხების უკან დაბრუნება მოუწიოთ.

მინისტრის განცხადებით, კლინიკებთან დაკავშირებით სამინისტროს სულ სამი პრობლემური საკითხი აქვს. აქედან პირველი იყო ექიმებისა და ექთნებისთვის განკუთვნილი დანამატების არამიზნობრივად გამოყენება, მეორეა ინფექციის კონტროლი პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში, მესამე კი პანდემიის დროს გადარიცხული მილიონი ლარის არამიზანმიმართულად დახარჯვა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, დამტკიცების შემთხვევაში სამინისტრო ამ თანხების დაბრუნებას გეგმავს.

“კოვიდის საკითხებზე სამი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთი იყო ის დანამატი, რაც ექიმებს და ექთნებს უნდა აეღოთ. აქ მნიშვნელოვნადაა შემცირებული პრობლემები, თუ სწორად მახსოვს 20 კლინიკამდეა დარჩენილი პრობლემური, ზოგიერთ კლინიკასთან სამწუხაროდ სასამართლო დავებშიც შევედით მათი მხრიდან არასწორი დამოკიდებულების გამო და ამ თანხებს აუცილებლად გადავახდევინებთ იმ ექთნებისა და ექიმებისთვის, ვისაც ეს უნდა მიეღო. სახელმწიფომ გამოყო ეს თანხები.

მეორე მიმართულებაა ინფექციის კონტროლი, ის პრობლემები რაც პანდემიამ დაგვანახვა და უკვე 80 კლინიკამდე ავედით, ზოგ კლინიკაში უკვე ორჯერ და სამჯერ ვიყავით ამ მიმართულებით და ეს არამხოლოდ ამ პანდემიის პირობებში, სხვა შემთხვევაშიც აუცილებელია, რომ ეს სტანდარტი კლინიკებს გააჩნდეთ. აუცილებლად გავაგრძელებთ კლინიკების გადამოწმებას და პერიოდულობით მოხდება მათი შემოწმება. სამწუხაროდ, ცუდი შედეგები გვქონდა პირველ შემოწმებაზე და მეორე-მესამე შემოწმებისას გამოსწორდა.

მესამე საკითხი თანხების მართვაა, დიახ ეს პრობლემები იყო. საკმაოდ მკაცრად მივყვებით ამასაც, კლინიკებთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მიდის განხილვები და იმ კონკრეტული გაანგარიშებების გადახედვა, თუ რამდენად სწორად იყო დახარჯული, კლინიკებთან მიდის ამის განხილვა და საბოლოოდ უკვე როცა დადასტურდება მათი ბრალეულობა, მათ ბიუჯეტში უკან ექნებათ დასაბრუნებელი თანხები და მერწმუნეთ ეს თანხები დაბრუნდება,” - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამ დროისთვის უცნობია რამდენ მილიონ ლარს ედავება სამინისტრო კლინიკებს, ასევე უცნობია იმ კლინიკების რაოდენობაც, რომელთაც სამინისტრო თანხების დაბრუნებას სთხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები