მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილღვინოს" ხელმძღვანელი შესაძლო ემბარგოზე: დარგმა ეს ერთხელ გადაიტანა და კიდევ გადაიტანს

5d10b659150d1
თათია ჩაფიჩაძე
24.06.19 15:36
2244
„თბილღვინოს“ ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველი უწყების იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა“ და „როსპოტრებნადზორმა“ კონტროლის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.

მარგველაშვილი აცხადებს, რომ ღვინის ხარისხთან დაკავშირებით „როსპოტრებნადზორთან“ ამ დრომდე პრობლემა არ ჰქონიათ.

რაც შეეხება რუსეთის ბაზრის წილს მთლიან გაყიდვებში, „თბილღვინოში“ აცხადებენ, რომ დღეისთვის რუსულ ბაზარზე მათი პროდუქციის 20% გადის, მოსალოდნელი ემბარგოს პირობებში კი, დარგი მას „კიდევ ერთხელ გადაიტანს.“

„თუ ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესდება ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. ასეთ ფაქტს წარსულში უკვე ჰქონდა ადგილი და მათ შეუძლიათ ეს ბერკეტი ისევ გამოიყენონ. ჩვენ ხარისხზე არასდროს გვქონია მათთან პრობლემა; დღესდღეობით, ჩვენი პროდუქციის დაახლოებით, 20% გადის რუსეთში ექსპორტზე. ვცდილობთ, რომ ჩვენს პორტფელში მათი წილი მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს და ეს 20-25%-ს არ სცდება. დარგმა ეს ერთხელ გადაიტანა და კიდევ ერთხელ გადაიტანს. ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ არ ველი, რომ ეს მოხდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველმა უწყებამ ქართული ღვინის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება  დაიწყო.

რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ქართულ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები